ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ ფარგლებში (დონორი- ევროკავშირი) შექმნილი ადვოკატირების ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების კონკრეტული პრობლემების შესწავლას და ადვოკატირებას.
28 აპრილს ადვოკატირების ჯგუფმა მორიგი ასეთი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის მიზანი იყო ქობულეთის ერთ-ერთ უბანში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, ასევე ყოფილი სტატისტიკის შენობაში თვითნებურად შესახლებული ეკო მიგრანტების და მრავალსულიანი ოჯახების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი პირების და მარტოხელა მოხუცების სოციალური პრობლემების შესწავლა.
ხანდაზმულთა რესურს ცენტრის იურისტი მარიანა ჟღენტი და ბიზნეს კონსულტანტი ნატო მიქელაძე ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს. ისინი ადვოკატირების ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში ჩაერთვებიან მათ მოგვარებაში. მომზადდება მრგვალი მაგიდა, სადაც მოწვეული საჯარო სტრუქტურების პასუხისმგებელი პირები და ბენეფიციარები, ცენტრის იურისტებთან ერთად ამ პრობლემების გადაწყვეტაზე იმსჯელებენ.