ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ პროექტ ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ ფარგლებში (დონორი -ევროკავშირი), ასაკოვან ადამიანთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ა/წ თებერვალში ჩატარდა ტრენინგები თემაზე ,,მცირე ბიზნესის ფორმირება და მართვა“. შეირჩა 15 საუკეთსო ბიზნეს გეგმა, რომლებიც მცირე გრანტებით დაფინანსდა.
პერიოდულად ტარდება დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი, რომლის მიზანია გაირკვეს ბიზნესის მდგომარეობა მოცემულ ეტაპზე, აქვს თუ არა რაიმე შემაფერხებელი ფაქტორები და საჭიროებს თუ არა ხელშეწყობას. მონიტორინგის პასუხიმგებელი პირია ბიზნეს კონსულტანტი ნატო მიქელაძე.
ივლისში დაფინანსებული პროექტების მორიგი მონიტორინგი ჩატარდა, რამაც ნათლად დაადასტურა, რომ ყველა ბენეფიციარი აქტიურად საქმინობს და ბიზნესის გაფართოვებასაც გეგმავს.
ნარგიზ ქათამაძემ პროექტის ფარგლებში შეიძინა ფუტკრის 3 ოჯახი, სანთლის ფირფიტები და მეფუტკრეობისთვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარი. ის წლებია ეწევა ამ საქმიანობას და საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. ქალბატონი ნარგიზის განცხადებით, ოჯახმა უკვე მოახდინა თაფლის რეალიზაცია და გაუჩნდა დამატებითი შემოსავალი.
ნინო კახიძემ მოპოვებული გრანტით შეიძინა ქათმის მოზრდილი წიწილები, გაზარდა და მონიტორინგის დროისთვის ის უკვე ახდენდა როგორც კვერცხის, ასევე ქათმის ხორცის რეალიზაციას.
ამირან ხახუტაიშვილმა პროექტის ფარგლებში შეიძინა ხუთი უკრაინული ჯიშის გოჭი, ის წლებია მეღორეობის ბიზნესითაა დაკავებული. მას ხორცის რეალიზაცია ჯერ არ დაუწყია, რადგან ბაზარზე ხორცზე მოთხოვნის გაზრდას ელოდება.
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარ მზია მეტონიძეს დაუფინანსდა ბატების მოვლა- მოშენებისთვის ტერიტორიის მოწყობის ხარჯი. მან მოაშენა რამდენიმე ათეული ფრთა ბატი, მაგრამ რეალიზაცია ჯერ არ დაუწყია. ქალბატონი მზია ბენეფიციარებს შორის ყველაზე ხანდაზმულია, ის 73 წლისაა.
როზა თავართქილაძემ პროგრამის ფარგლებში შეიძინა ქათმის წიწილები და ინდაურის ჭუკები. ის უკვე ახდენს როგორც ფრინველის ხორცის, ასევე კვერცხის რეალიზაციას.
ნანული გოგოლიშვილი ნახევარფაბრიკატების წარმოებითაა დაკავებული, ამზადებს სხვადასხვა ტიპის: ხორცის, სოკოს და კარტოფილის პელმენებს. ნახევარფაბრიკატებს აბარებს მაღაზიებში. პროექტის ფარგლებში მან მაცივარი შეიძინა. ქალბატონი ნანულის პროდუქცია საუკეთესო ხარისხის გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.
მაია საგინაძეს აღმაშენებელის 45-ში აქვს მეორადი ტანსაცმლების მაღაზია, რომელიც სამი წელია ფუნქციონირებს და ჰყავს სტაბილური მომხმარებელი. პროექტის ფარგლებში მოპოვებული გრანტით მან შეიძინა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის რამდენიმე ფუთა. მონიტორინგის დროს გაირკვა,რომ გრანტის მოპოვებამ და მომხმარებლის გაზრდამ ხელი შეუწყო გაეხსნა ახალი მაღაზია რუსთაველის ქუჩაზე, სადაც დაასაქმა ოჯახის წევრები.
ლეილა ჟღენტმა პროექტის ფარგლებში შეიძინა ორი საცხობი ღუმელი. ის კრუასანებს და ფუნთუშებს აცხობს და აბარებს სავაჭრო ობიექტებს. როგორც ქალბატონი ლეილა ამბობს მას სურს გახსნას საოჯახო საკონდიტრო საწარმო, სადაც დაასაქმებს სხვა ადამიანებსაც.
სოფ. ცეცხლაურში მცხოვრებმა მზია სურმანიძემ პროექტის ფარგლებში შეიძინა ქათმის წიწილები, ინდაურის ჭუკები და კომბინირებული საკვები. მონიტორინგის პერიოდში ქალბატონი მზია უკვე ახდენდა ფრინველის კვერცხის და ხორცის რეალიზაციას.
წყავროკელმა შუშანა ქათამაძემ, რომელიც მესაქონლეობითაა დაკავებული და აღნიშნულ სფეროში კარგი გამოცდილება აქვს, გრანტით ხბოები შეიძინა. საქონლის გაზრდის შემდეგ ის ადგილზევე მოახდენს ხორცის რეალიზებას, უკვე გამოვლენილია პროდუქციის შემსყიდველები.
პროექტის ფარგლებში გრანტი მოიპოვა და დაფინანსდა ასევე იზოლდა ხურცილავა, რომელიც სამკერვალო ბიზნესითაა დაკავებული, კეძოდ კერავს თეთრეულს. აქვს შეკვეთები ოჯახური ტიპის სასტუმროს მფლობელებისგან
ტრენინგების მეორე ეტაპი ასაკოვან ადამიანთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით აგვისტოში ჩატარდება