ასოციაცია „ღირსეული სიბერე“-ს ოფისში, ორგანიზაციის აქტივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს პროგრამაში „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ჩართულ სტუდენტთა ექვსკაციან ჯგუფს უმასპინძლა. სტუდენტებს თან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სულხან ნიჟარაძე ახლდა.
სტუმრები გაეცნენ ორგანიზაციის მუშაობას, მიმართულებებს, პროექტებს და სამოქმედო მიზნებს. ნახეს საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალა და საგაზეთო პუბლიკაციები. გულახდილად ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც თვითმმართველობის სტრუქტურებთან უთიერთობას ახლავს თან. საუბრები მათი მოგვარებისა და დახვეწის გზებსა და საშუალებებსაც შეეხო.
ასოციაცია მიესალმება და მხარს უჭერს „მოქალაქე“-ს ასეთ ინიციატივას და თვლის, რომ ასეთი პროექტები უზრუნველყოფს საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის-ახალგაზრდობის ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას და თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.