http://www.awa.org.ge

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ჩართულია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ კამპანიაში „დავასუფთავოთ საქართველო“ და ყოველ გაზაფხულზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქციების ინიციატორია. კამპანიის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის მონაწილეობის გააქტიურება ნარჩენების მართვის მუნიციპალურ საქმიანობაში. 
დღეს, 8 აპრილს, ხანდაზმულებმა და ახალგაზრდა მოხალისეებმა - ქობულეთის №5 საჯარო სკოლის (დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე) სამოქალაქო კლუბიდან „კამელოტი“ (ხელმძღვანელი თეა ჩელებაძე), შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, მდინარე აჭყვას შესართავის მონაკვეთი დაასუფთავეს, სადაც შტორმის შემდეგ გამორიყული პლასტმასის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეაგროვეს. ქარის მიუხედავად დაგეგმილი აქცია არ გადადებულა. მოხალისეების და ხანდაზმულების აქტიურობით საკმაოდ დიდი ტერიტორია დასუფთავდა. ასოციაციის აქტივობას მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მერაბ ჯინჭარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაწყებულ საქმეს მუნიციპალიტეტი ბოლომდე მიიყვანს. აღსანიშნავია კლუბ „კამელოტის“ მოხალისე ახალგაზრდების აქტიურობა, რომლებმაც უამინდობის მიუხედავად, ხანდაზმულებთან ერთად საკმაოდ მასშტაბური სამუშაო შეასრულეს. კლუბი 10 აპრილს ასოციაციის მიერ დაგეგმილ გამწვანების აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას.


  


უკან