http://www.awa.org.ge

 

ხანდაზმულთა სოციალურმა ცენტრმა ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ახალგაზრდებმა ცენტრის ბენეფიციარებს ნუცა ალექსი მესხიშვილის ფილმი ,,ბედნიერება“ უჩვენეს, რომელიც ზაირა არსენიშვილის მოთხრობის ”ცოლმა ქმარი დაიტირა” მიხედვით არის გადაღებული. ფილმი ქალთა უფლებების თემას და სოციალურ პრობლემებსა ეხება და თანამედროვე საქართველოს ყოველდღიურობას ეხმიანება. კერძოდ სცენარის მიხედვით გარდაიცვლება ახალგაზრდა მამაკაცი, სამი მცირეწლოვანი შვილის მამა, რომლის მეუღლეც იტალიაშია წასული სამუშაოდ. ცოლი ვერ ესწრება ქმრის დაკრძალვას, რის გამოც ის ქმარს ვირტუალურად, ტელეფონით დაიტირებს, ტელეფონი მიერთებული იყო დინამიკებზე და ცოლის საუბარს ისმენს ყველა. ცოლის საუბრიდან ირკვევა, რომ ის აღარ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებს გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისთან წაიყვანს. აღნიშნულ სოფელში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ, იქ მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდაა დარჩენილი და ისინიც საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებიან. 
ფილმის ჩვენების შემდეგ ცენტრის ბენეფიციარებსა და ახალგაზრდებს შორის დისკუსია გაიმართა, თუ რა კუთხით დაერქვა ფილმს ,,ბედნიერება“. ითქვა, რომ ვიღაცისთვის ბედნიერება უზრუნველი ცხოვრებაა. ბენეფიციარებმა კი აღნიშნეს, რომ ქალებს, რომლებიც სოციალური გაჭირვების გამო ტოვებენ შვილებს და უცხოეთში სამუშაოდ მიდიან, ერთმევათ მათთვის მთავარი, თავინთ შვილებთან თანაცხოვრების ბედნიერება.
სხვადასხვა მონაცემებით, საზღვარგარეთ დღეს მილიონზე მეტი ქართველი მუშაობს, მათ შორის 65 % ქალია, რომლებმაც დატოვეს თავიანთი ქმარ-შვილი, მშობლები და ოჯახებს უცხოეთიდან არჩენენ.

უკან