http://www.awa.org.ge

გაზაფხულის მოსვლა ასოციაციაში ტრადიციული კონკურსით ,,ჩემი მშვენიერი ბებო“ აღინიშნება. კონკურსის სლოგანია ,,ცხოვრება ყველა ასაკში მშვენიერია" და მისი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი მშვენიერი, მზრუნველი და ერთგული ბებიები, საინტერესო ასაკოვანი ქალბატონები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისეული ოპტიმიზმით და შემოქმედებითი პოტენციალით ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითის მიმცემები არიან.
9 მარტს, ქობულეთის კულტური სახლის საკონფერენციო დარბაზში კონკურსის შემაჯამებელი ეტაპი გაიმართა. კონკურსი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და გამარჯვებული ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ფეისბუქის გვერდზე მოწონებათა რაოდენობით დადგინდა. ხმის მიცემა დღის 12 საათზე დამთავრდა. 2 საათის შემდეგ კი დარბაზში შეკრებილ ასოციაციის ბენეფიციარებს, კონკურსის მონაწილეებს და სტუმრებს თავისი ხელოვნებით დაუვიწყარი წუთები აჩუქეს რაიონის ნორჩმა შემსრულებელმა და ასოციაციასთან არსებულმა ხანდაზმულ ქალთა ახლადშექმნილმა ვოკალურმა ჯგუფმა.
კონკურსის მხარდამჭერებია ქობულეთის კულტურის ცენტრი და მედია ჯგუფი ,,აჭარა პ.ს.“ ,,ჩემი მშვენიერი ბებოს“ ტიტულისათვის ერთმანეთს 15 კონკურსანტი ეჯიბრებოდა, მათ საერთო ჯამში მოწონების 1500 ადამიანმა მისცა. ყველაზე მეტი ხმა 68 წლის პედაგოგმა ნარგიზ გოგიტიძემ მიიღო. მეორე ადგილზე 75 წლის ნაზი ჯინჭარაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 75 წლის დარიკო წულუკიძეს ხვდა წილად. თუმცა ეს არ იყო მთავარი... ამდღეს ყველა კონკურსანტი იყო გამარჯვებული და ბედნიერი. მათ სამახსოვრო დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.
კონკურსი პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის და სოციალურ ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში მიმდინარეობდა . პროექტს ევროკავშირი აფინანსებს.

უკან