ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი ხანდაზმულთა ასოციაციამ „ღირსეული სიბერე“, პროექტის „ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი ევროკავშირი) ფარგლებში, ტრადიციულად ორიგინალური ფორმით აღნიშნა. კონკურსმა „ჩემი მშვენიერი ბებო“ სოციალური ქსელების საშუალებით აზარტში ჩართო არა მარტო ქობულეთის მოსახლეობა. წელს, ამ მხიარულ და უჩვეულო ასპარეზობაში ხანდაზმულთა ასოციაციის 14 ბენეფიციარი ქალბატონი მონაწილეობდა, „ფეისბუქის“ მომხმარებელს კი მთელი ათი დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდა ე.წ. მოწონებებით, ხმა მიეცა სასურველი კანდიდატისათვის. დადგა ამაღელვებელი დღეც, ტიტებისა და მიხაკების ზღვაში ჩაძირულ ხანდაზმულთა ასოციაციის ოფისს უამრავი სტუმარი ეწვია, მუნიციპალიტეტის, პრესის, ტელევიზიის, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად, აქ მოვიდნენ კონკურსანტთა გულშემატკივრებიც. იყო სარვამარტო მილოცვები, სტუმრებს და კონკურსის მონაწილეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს ასოციაციის თავმჯდომარე ნანა კალანდაძემ, მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის რედაქტორმა ჯემალ მეგრელიძემ, კულტურის ცენტრის დირექტორმა ნაირა ვასაძემ, ბენეფიციარებმა - ნუნუ ბერიშვილმა, ნათელა ჟღენტმა, გული ღვინჯილიამ და ეთერ ჭყონიამ საკუთარი ლექსები წაიკითხეს. ქობულეთის კულტურის ცენტრისა და ქალაქის #3 საჯარო სკოლასთან არსებული ვოკალური ჯგუფის პატარა წევრები (ხელმძღვანელები დიანა ვასაძე, ლიკა მალაზონია) ლამაზი მუსიკალური ნომრებით შეეცადნენ განემუხტათ კონკურსის შედეგების მოლოდინით შექმნილი „დაძაბულობა“ და აი, შედეგებიც: პირველი ადგილი - ეთერ გოგიტიძეს, მეორე ადგილი - ნარგიზ ცივაძეს, ხოლო მესამე ადგილი - ნონა კოხიას , თუმცა ეს ყველაფერი პირობითია, რადგან ამ კონკურსში არ მარცხდებიან, აქ ყველა გამარჯვებულია... ამიტომაც, განურჩევლად ყველას გადაეცა ფასიანი საჩუქრები და ჩვენი სპონსორის, ქობულეთის ერთ ერთი მაღაზიის მფლობელის - ირინა ფუტურიდის მიერ დაწესებული პრიზები, ასოციაციის სპეციალური პრიზი წელს წილად ხვდა ქალბატონ ნათელა ჩელებაძეს. საღამოს დასასრულ საზეიმო ტორტი გაიჭრა