http://www.awa.org.ge

30 მაისს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში (დონორი -ევროკავშირი) მორიგი ,,მრგვალი მაგიდა” გაიმართა, რომელზეც ქობულეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა პრობლემები განიხილა. აღინიშნა, რომ დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3815-მდე შშმ პირია რეგისტრირებული, მათ შორის 137 ბავშვია. 
სხდომაზე, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად შშმ ბავშვთა მშობლები ესწრებოდნენ, იმ პრობლემებზე ისაუბრეს რომლებსაც მსგავსი ტიპის აღსაზრდელებთან აწყდებიან იმის გამო, რომ არ არიან ქობულეთში სპეციალისტები, რომლებიც ამ კატეგორიის ბავშვებთან იმუშავებდა, ასევე არ არის ადაპტირებული შენობა-ნაგებობები, რაიონს არ ჰყავს თუნდაც ერთი ადაპტირებული ტრანსპორტი.
შეხვედრისას აღნიშნულ პრობლემებთან კავშირში მყოფმა პირებმა- ქობულეთის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტუქტურისა და ინვენსტიციების მოძიების სამსახურის უფროსმა ბატონმა ამირან ლაზიშვილმა, სოციალური სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ქალბატონმა ლუიზა ბეჟანიძემ, ქობულეთის #3 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა: თამარ მესხიძემ, ნანი ჯინჭარაძემ და მადონა გოგიტიძემ საკითხის გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს, თუმცა მათი განცხადებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დაინტერესება, რათა პირდაპირ ბიუჯეტიდან იმართოს თანხები არსებული შენობა-ნაგებობის ადაპტირებაზე, მომზადდეს შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც ფსიქოლოგიის კუთხით შშმ პირებთან შეძლებენ სრულფასოვან მუშაობას. 
გადაწყდა, რომ აღნიშნულ თემაზე ხანდაზმულთა რესურს ცენტრი მუშაობას გააქტიურებს, მომზადდება წერილი შშმ პირთა პრობლემებთან დაკავშირებით და მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წარედგინებათ. რესურს ცენტრის იურისტი ამ პროცესს თვალყურს მიადევნებს, მომზადდება ანალიტიკური სტატია ადგილობრივ გაზეთში.

უკან