ტკბილი ბებო
ნათელა მახარაძეს ყველაზე მეტად სწორედ ეს ეპითეტი შეეფერება. ქალბატონმა მთელი ცხოვრება ბავშვთა აღზრდას მიუძღვნა. სიამოვნებით იხსენებს იმ დროს, როდესაც სულ რაღაც 17 წლისამ აღმზრდელ-მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ახლა კი ძალიან ბედნიერია, როდესაც უკვე 45 წლის აღზრდილები ქუჩაში ხვდებიან და დიდი სიყვარულით მოიკითხავენ:
- აღმზრდელმა უნდა შეძლოს და სწორი მიდგომა შეარჩიოს. ცხადია, იოლი არ არის. ბავშვმა ხანდახან შეიძლება ზედმეტად იცელქოს და იჭირვეულოს. შესაბამისად, ხან მკაცრი უნდა იყო, ხან - ლმობიერი. ხან უნდა დატუქსო და გაუბრაზდე, ხან კიდევ მოეფერო. ხანდახან კი, ჯობს, არ შეიმჩნიო და ყურადღება არ მიაქციო ბავშვის საქციელს. ყველანაირი მიდგომა უნდა მოსინჯო და ყოველთვის შეინარჩუნო სამართლიანობა. ბავშვი მაშინვე ხვდება რა გულით უბრაზდები. თუ ისე უბრალოდ უყვირე და დასაჯე, მაშინვე იტირებს და აგრესია წამოვა. ისეთ ნიუანსებსაც კი ხვდებიან, უამრავი მოზრდილიც რომ ვერ შეამჩნევს.
ბავშვებთან ურთიერთობა არასდროს მიჭირდა. როგორღაც ყოველთვის ვახერხებდი სწორი მიდგომას. მოფიქრებულად არაფერს ვაკეთებდი. ალბათ, ღვთის ძალით და შეწევნით. მჯერა რომ რაც კარგი გამიკეთებია, ყველაფერი ღვთისგან იყო ბოძებული. ბავშვებთან ერთად ტაძრებში სალოცავადაც მივლია. მაშინ არც კი მიფიქრია. რომ ღმერთი და წმიდა მარიამი იყვნენ ჩემთან და მეხმარებოდნენ.
როდესაც საპენსიო ასაკმა მიწია, გადავწყვიტე ოჯახში ბაღი გამეხსნა. აქაც უფალი დამეხმარა, თორემ ამ ხნის ქალი რას შევძლებდი! გვერდში ჩემი ქალიშვილი დარეჯანი დამიდგა. აგრეთვე ორი ახალგაზრდა გოგონა - ნინო და ნათია. კრედიტი გამოვიტანე და 2012 წელს ბაღი დავაფუძნე. ხანდაზმულთა ასოციაცია ძალიან დაგვეხმარა: წელს აპრილში კარადა, მაგიდები და სათამაშოები გადმოგვცეს; მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე მაისში იძულებულნი გავხდით ბაღი დაგვეხურა. რატომ? ბავშვები ბევრი არ გვყავდა და გადასახადებს ვეღარ გავწვდით. მთლიანობაში 3-4 წელი ვიმუშავეთ.
ავტორი: მედეა გოგსაძე
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.