http://www.awa.org.ge

1 ოქტომბერი - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე დაუვიწყარი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებისთვის - ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ანზორ თხილაიშვილის ინიციატივით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ქალაქ ქუთაისის მერიის, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ხანდაზმული ქალბატონებისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო. 1 ოქტომბერს ისინი იმერეთს ეწვივნენ, დაათვალიერეს პრომეთეს მღვიმე, მოილოცეს გელათის ტაძარი. 
ასოციაციის 14 ბენეფიციარი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ ქუთაისის მერიის მიერ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც ქუთაისის ხანდაზმულთა ცენტრის 10 წლის იუბილეს დაემთხვა. „მადლიერების სახლის“ დარბაზში შეკრებილ მოხუცებსა და სტუმრებს 1 ოქტომბერი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ანზორ თხილაიშვილმა და სხვა საპატიო სტუმრებმა მიულოცეს.
-შეუფასებელია თქვენი ღვაწლი და დამსახურება, რომელიც ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე მიგიძღვით. თითოეული თქვენგანი უდავოდ იმსახურებს ღირსეულ სიბერეს, დაფასებას, მოფერებასა და უდიდეს პატივისცემას. აქცია, რომელიც ჩვენი ხანდაზმულებისთვის დღეს მოეწყო, პირველი არ არის და გპირდებით, რომ თქვენს თხოვნას, შეძლებისამებრ, ყოველთვის გავითვალისწინებთ. ჩვენმა ღირსეულმა ქალბატონებმა, რომელთაგან არაერთი დამსახურებული პედაგოგი, ექიმი და სხვადასხვა დარგის სპეციალისტია, ამჯერად კაბადოკიის მონახულების სურვილი გამოთქვეს. იმედი გვაქვს, რომ ამასაც შევძლებთ და ჩვენს ხანდაზმულებს ისევ გავახარებთ, - განაცხადა ქობულეთელთა მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლესი საბჭოში ანზორ თხილაიშვილმა. მან ქუთაისის მერს ერთობლივი აქციის ორგანიზების წინადადებით მიმართა და თანხმობაც მიიღო. ქობულეთელი და ქუთაისელი ხანდაზმულები ამ ინიციატივას აპლოდისმენტებით შეხვდნენ და დეპუტატს მადლობა გადაუხადეს გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის.
-როცა ასაკში შედიხარ, გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი მთავრდება, ასოციაცია „ღირსეული სიბერისა“ და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ თხილაიშვილის მცდელობით, ეს განცდა კარგა ხანია გაქრა თითოეულ ჩვენგანში. მათი დამსახურებაა არაერთი საინტერესო ღონისძიება, ექსკურსია, პროექტები, რომლებშიც აქტიურად ვართ ჩართულები და რომლებიც სიცოცხლეს გვიხალისებს, ახალი ენერგიით გვავსებს. მადლობა მათ ამ ყველაფრისა და რაც მთავარია, დაფასებისათვის, - განაცხადა ღვაწლმოსილმა ქობულეთელმა პედაგოგმა, 78 წლის ნათელა ჟღენტმა.
ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ როგორც მისმა ხელმძღვანელმა ნანა კალანდაძემ აღნიშნა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2009 წელს დაფუძნდა და დღემდე 7 საგრანტო პროექტი განახორციელა. ბოლო 4 წლის განმავლობაში პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით რეალიზდება და მათი მიზანი ხანდაზმულთა უფლებების დაცვა, ადვოკატირება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მათი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხანდაზმულთა აქტიური ჩართულობა, თაობებს შორის ურთიერთობის განმტკიცება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობაა. „ღირსეული სიბერის“ წარმომადგენლები ამჟამად ქობულეთში ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის დაფუძნებაზე მუშაობენ, რომელიც ხანდაზმულთა ადვოკატირების, ეკონომიკური გაძლიერების და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით იმუშავებს. 
-ასოციაციაში 300 ბენეფიციარი გვყავს და ყოველი მათგანი ჩართულია პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ. გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს ანზორ თხილაიშვილს, მის თანაშემწესა და აქციის ორგანიზატორს ინგა რომანაძეს, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებს იმ თანადგომისა და ყურადღებისათვის, რომელსაც ისინი იჩენენ ჩვენი ასოციაციისა და ბენეფიციარებისადმი. დღევანდელი შთამბეჭდავი დღეც, სწორედ მათი დამსახურებაა და დაუვიწყარი იქნება ჩვენი ხანდაზმულებისთვის, - განაცხადა ნანა კალანდაძემ.
დღის ბოლოსათვის აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში უმასპინძლეს. ხანდაზმულებმა დაათვალიერეს საკანონმდებლო ორგანოს სამუშაო ოთახები, სხდომათა დარბაზი. გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

უკან