http://www.awa.org.ge

 

როდესაც ხელს დროზე შეგაშველებენ
ჟუჟუნა გაბაიძე ეხლა პატარა ხის ფარდულში ცხოვრობს. ციცქნა ოთახში ყველაზე აუცილებელი ავეჯიც კი გაჭირვებით ეტევა. ლოგინზე კატა კრუტუნებს.. მანაც აქ იპოვა თავშესაფარი. ზაფხულში რა უჭირს, ალბათ სასიამოვნო სიგრილეა, მაგრამ თხელი კედლები ზამთრის სუსხს ნამდვილად ვერ შეაკავებს. იმის წარმოდგენაც კი მეშინია როგორ ცივა აქ, როდესაც გარეთ ყველაფერი მოყინულია:
- ზამთარში „ფეჩს“ ვანთებ და იმით ვთბები, ხოლო ზაფხულში ფანჯარაზე ბადე მაქვს აკრული და კოღო ვერ შემოფრინდება. როგორ აღმოვჩნდი ამ ფარდულში? შვილს ისევ მუცლად ვატარებდი მეუღლე რომ დაეღუპა. ადრე კი დავქვრივდი, მაგრამ თავიდან ცუდად არ ვცხოვრობდი: ოთხოთახიანი ბინა მქონდა მეექვსე სართულზე, ეზოში კოტეჯი გვედგა, კიდევ საძროხე იყო გაკეთებული. ღორებს, ქათმებს და ინდაურებს ვუვლიდი და თავი გაგვქონდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი ბიჭი უკვე მესამედ აღმოჩნდა ციხეში. რატომ შეცდა ეს ბავშვი, რა მოხდა, წარმოდგენა არ მაქვს. რომ დაელაპარაკოთ, ისეთი ჭკვიანური ლაპარაკი იცის, რომ გაგაოცებთ. ვერც იტყვით რომ რამე კანონსაწინააღმდეგოს გაკეთება შეუძლია. სწორედ აქედან წამოვიდა ჩვენი ოჯახის უბედურება. დამედო ვალები, ჯერ ერთი ბინა გავყიდე, მერე კოტეჯიც მივაყოლე და დავრჩი ასე ღია ცის ქვეშ. მერე კი ამ ფარდულში შევიხიზნე.
არასოდეს მივსულვარ გამგეობაში დახმარების სათხოვნელად - იქნებ ბინა მომცეთ, ან მიწა გამომიყოთ-მეთქი. როგორ შევაწუხო ხალხი ჩემი პრობლემებით, როდესაც ჩემზე უარეს დღეში ჩავარდნილებსაც ვხედავ? მაგათთან შედარებით კიდევ არაფერი მიჭირს. რძალმა ადრე ბოჩოლა მაჩუქა. გავზარდე და ახლა იმას ვწველავ. ცოტა ყველი და მაწონიც მაქვს. მუშაობით კი დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ.
ხანდაზმულთა ასოციაციაში მისვლა ნაცნობმა ჟურნალისტმა მირჩია. ეს ორგანიზაცია რომ არა, ალბათ ცოცხალიც არ ვიქნებოდი. აგერ საქათმე მაჩუქეს. ვზრდი ახლა წიწილებს; სამოცი წიწილა გავყიდე. ცოტა კვერცხი მაქვს და რაღაც სარჩო შემომდის. კიდევ თავის ღონისძიებებში მრთავენ და ყველანაირად ცდილობენ რომ ცხოვრება გამიხალისონ. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რა სტიმულს მაძლევს! ცხოვრებაში არასოდეს არაფერი ჩამიცვამს ძაძების გარდა, მაგრამ რაც ხანდაზმულთა ასოციაციაში გავწევრიანდი, ჩაცმის სურვილიც კი გამიჩნდა - უკვე მინდა ცოტა თავს მივხედო და მოვწესრიგდე.
ავტორი: მედეა გოგსაძე
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.

 

უკან