PRIME TIME მირიან ბოქოლიშვილი
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოხუცებულთა პანსიონატში არსებულ პრობლემებზე თავად მოხუცები ალაპარაკდნენ. საკვების, მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების პრობლემასთან ერთად რამდენიმე ბენეფიციარი დაწესებულებაში ქურდობის ფაქტებზე საუბრობს. ისინი გასულ კვირას რედაქციაში დაგვიკავშირდნენ და ამ საკითხით დაინტერესება გვთხოვეს. მოხუცთა ნაწილი, გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, თუმცა აღმოჩნდა ისეთიც, რომელიც შექმნილ ვითარებაზე ღიად საუბრობს.
დონატა პანჩენკო უკვე 11 წელზე მეტია, რაც პანსიონატში ცხოვრობს. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მოხუცთა პანსიონატი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაუქვემდებარდა, მდგომარეობა დღითი დღე გაუარესდა. მოხუცები სააგენტოდან გამოყოფას და დაწესებულების თბილისის მერიისთვის დაქვემდებარებას ითხოვენ.
დონატა პანჩენკო:
– დიახ, რაც თავშესაფარი სააგენტოს დაუქვემდებარეს ჩვენი საქმე უკან-უკან წავიდა. რთული მდგომარეობაა საკვების მხრივ, მედიკამენტების მხრივ... ზოგჯერ წამალიც არ გვაქვს. მე დიაბეტიანი ვარ და იყო პერიოდი, როცა ერთი კვირა წამალი არ მქონდა. თავიდან რას არ გვპირდებოდნენ, მაგრამ ახლა ეს დაპირებები არავის აღარ ახსოვს. სააღდგომოდ პატარა უგემური პასკები მოგვიტანეს, სამი ცალი კვერცხით. ეს მოგვიტანეს შაბათს და ჩაგვითვალეს ვახშამში – ეს ჭამეთო. ნებისმიერმა ქრისტიანმა იცის, რომ აღდგომის კვერცხი და პასკა მარხვის დასრულებამდე არ უნდა ჭამო. ეს არაფერია. ხან კარაქი არ გვაქვს, ხან გრეჩიხა. დიაბეტიანებს გვპირდებოდნენ, რომ ყველანაირად შეგიწყობთ ხელსო, მაგრამ რა ხდება იცით? გვაჭმევენ იაფასიან, „გაკრასკულ“ პურს, ვითომ „სერი“ პურია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ტელევიზიითაც გაშუქდა, რომ ეს პური არანაირად არ იჭმევა. აქ 10 ადამიანზე მეტს დიაბეტი გვაქვს, მაგრამ არანაირი ხელშეწყობა. მომსახურე პერსონალი ძალიან შევიწროებულია, თუმცა შიშით ხმას ვერ იღებენ.
– საკვების მხრივ სხვა რა პრობლემები გაქვთ? რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილია საკმაოდ ნორმალური მენიუა...
– პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი დიეტოლიგი გვყავს, მზარეულზე ხომ აღარაფერს ვამბობ. საჭმელების დიდი ნაწილი ისეთი უგემურია, რომ ბევრი ტუალეტში ასხამს პირდაპირ. ხალხი მშიერი რჩება. თვითონ, თავშესაფრის დირექტორთან ნამდვილად არ მაქვს ცუდი ურთიერთობა, რამდენიმე დღის წინაც იყო ჩემთან შემოსული და ჩვეულებრივ ვსაუბრობდით, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თვალები დავხუჭოთ ყველაფერზე. ამ გოგოს არა აქვს გამოცდილება მოხუცებთან მუშაობის, არ იცის სპეციფიკა. თავისთავად კარგი ადამიანია, მაგრამ ამით ჩვენი პრობლემები არ გვარდება. მაგალითად, კონცერტი უნდა გაგიმართოთო თქვეს, მოიყვანეს როკ-ჯგუფი და ამ ასაკის ხალხს როკი გვასმენინეს. ყურებზე ხელაფარებული იჯდა ხალხი და ბევრი ადგა და წავიდა. იქ სააგენტოში ვინც ამას გეგმავს, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არიან, ალბათ თავიანთი გემოვნებით არჩევენ ჩვენ რას უნდა ვუსმინოთ. 70-80 წლის ადამიანებს როკი უნდათ?
– სამედიცინო კუთხით თუ არის პრობლემები და კონკრეტულად რა სახის?
– მაგალითად, მთელ პანსიონატზე გამოყოფილია ერთი ექიმი. ეს გოგო ვერ აუდის ამდენს. დიაბეტის შემოწმება მჭირდება სისტემატიურად, მაგრამ უკვე მერიდება. გარდა ამისა, ხშირია ქურდობა. ერთი სკლეროზიანი ქალბატონია, რომელსაც პენსიის აღებისთანავე პარავენ ფულს. ამას თვითონ თავშესაფრის ბენეფიციარები აკეთებენ და სამწუხაროდ დირექცია ამაზე არ რეაგირებს. ის ქალბატონი ძალიან მეცოდება, პრაქტიკულად მეორე დღესვე უფულოდ ტოვებენ. 5 თვის პენსია ერთიანად გამოატანინეს და მიითვისეს. რა თქმა უნდა, არის შიში, შიში, რომ მეორე დღეს მივლენ და შეავიწროვებენ. ამიტომ ბევრი ხმას ვერ იღებს. განსაკუთრებით ცუდ დღეში არიან აქ დასაქმებულები, იმიტომაც ვერაფერს ამბობენ, ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. გამოსავალი არის ერთი – სააგენტოსგან აუცილებლად უნდა გამოვეყოთ და პანსიონატი დაუქვემდებარონ ისევ მერიას. როდესაც ჩვენ მერიასთან ვიყავით, გაცილებით უკეთესი პირობები გვქონდა.
ანალოგიურ პრობლემებზე ჩვენ მოხუცებულთა პანსიონატის კიდევ რამდენიმე ბენეფიციარი გვესაუბრა, თუმცა, როგორც გითხარით, მათ ვინაობის გამხელა არ სურთ. თავად პანსიონატის დირექტორი მოხუცთა ერთი ნაწილის პრეტენზიებს არ იზიარებს. ნინო დვალიშვილი ამბობს, რომ პანსიონატის დირექცია ყველაფერს აკეთებს ბენეფიციარების კეთილდღეობისთვის.
ნინო დვალიშვილი, მოხუცებულთა პანსიონატის დირექტორი:
– ჩვენთან სულ 115 მოხუცია. მათთან საკვების გატანამდე წინა დღეს თათბირის სახით ვიკრიბებით რამდენიმე ადამიანი: დიეტ-მედდა, ექიმი, მე და ბუღალტერი. ვადგენთ მეორე დღის მენიუს. დღეში გვაქვს 4-ჯერადი კვება. საუზმე იწყება 20:30 საათიდან, ლანჩი 12:00 საათზე, სადილი 14:00-ზე, ვახშამი 18:00 საათზე. სამწუხაროა, რომ სასადილოს პრინციპი არ გვაქვს. ეს არის სამსართულიანი დაწესებულება და მანამ ყველა ბენეფიციარს ადგილზე მიაწვდიან საკვებს, შეიძლება გაცივდეს ცხელი კერძი. თუმცა გათბობის პრობლემა მოგვარდა და შეგვეძლება მალე სასადილოს მოწყობაც. რაც შეეხება უშუალოდ საკვებს, ჯანდაცვის სამინისტროდან გვაქვს მოწოდებული მენიუ, თუ რა საკვები უნდა მივცეთ, იგივე დიაბეტიანებს. გვყავს პროფესიონალი დიეტოლოგი, რომლის პროფესიონალიზმში ეჭვს ვერ შევიტან ნამდვილად.
– მოხუცები ამბობენ, რომ სააღდგომოდ მათთვის საჩუქრად განკუთვნილი ერთი ცალი პასკა და კვერცხები, ვახშმად ჩაუთვალეთ...
– არა, რა თქმა უნდა, საჩუქარიც რომ ყოფილიყო, ეს ჯდება მენიუში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ოფიციალური მენიუს გარეშე მივაწოდოთ ეს მოხუცებს. აი, წაგიკითხავთ ზუსტად იმ დღის მენიუს, რაზეც თქვენ საუბრობთ: საუზმეზე – „მანიკაშა“ რძით, ჩაი, პური და კარაქი; ლანჩზე – მაწონი; სადილზე – „ბორში“ არაჟნით; „ოსტრი“, მჭადი, ყველი და მინერალური წყალი; ვახშამზე – პასკა, რომელიც იყო 400-გრამიანი, კვერცხები და ჩაი. მე ვფიქრობ, რომ ეს ის მენიუა, რომელზეც ნამდვილად არ ითქმის არასაკმარისი.
– რაც შეეხება მედიკამენტებს...
– შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთი დღე მედიკამენტის მიწოდება არ ჩავარდნილა, მათ შორის დონატა პანჩენკოსთვის. ეს ფიქსირდება მისი ხელმოწერებითაც. უბრალოდ, ეს ქალბატონი პანიკაში ვარდება ხოლმე, როცა უთავდება წამალი. რაც შეეხება ექიმს, კი პანსიონატზე ერთი ექიმია გამოყოფილი, თუმცა ყველა მოხუცს აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა და ხშირად ვსარგებლობთ ხოლმე. ასე რომ, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის ეს დაწესებულება.
– ბენეფიციარები საუბრობენ ასევე ქურდობის ფაქტებზე... ერთ-ერთ ამნეზიით დაავადებულ ადამიანს ფულს პარავენო. რა რეაგირებას ახდენს დირექცია?
– პანსიონატში ზუსტად ახალი მოსული ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ ქალბატონს მართლაც მომენტალურად ავიწყდება ყველაფერი. იყო შემთხვევა, როცა გამოართვეს თანხა და უკან აღარ მისცეს, მას კი ცხადია არ ახსოვდა საერთოდ თუ მისცა ფული ვინმეს. ცოტა რთული სიტუაციაა ამ მხრივ, ჩავაყენე სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც საქმის კურსში. მე გამოვართვი პენსია და ვუთხარი, როცა დაგჭირდება მოგცემ ხოლმე-თქო. იმიტომ, რომ სხვებს არ გამოეძალათ, მაგრამ იგივე ომბუდსმენის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ თანხა ამ ქალბატონმა თვითონ უნდა განკარგოსო, დავუკავშირდი მის ახლობლებსაც, მაგრამ მათაც ვერ აიღეს პასუხისმგებლობა. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას, თუმცა ვერ დავდებ თავს, რომ ეს ქალბატონი თანხას ნამდვილად თავისთვის გამოიყენებს და კიდევ არ გამოართმევს სხვა.
09 May 2011