დღეს, ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერე“ და ქობულეთის მუზეუმმა ხელი მოაწერეს მემორადუმს ურთიერთთანამშომლობის შესახებ, რაც გულისხმობს მუზეუმის საქმიანობის პოპულარიზაციას და ასოციაციის ბენეფიციართა ჩართულობას ერთობლივად დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში.
მუზეუმის დირექტორმა რეზო ტაკიძემ და ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ახალი პროგრამა ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ,“ რომლის ფარგლებში ორგანიზებული იქნება პრეზენტაციები, სემინარები, საინფორმაციო შეხვედრები და გამოფენები სხვადასხვა თემებზე: ხელსაქმის და ხელოსნობის ტრადიციები ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული სარიტუალო ტკბილეული, ლოცვები და შელოცვები, სახალხო მედიცინა, ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები და სხვა. აქტივობებში ჩართული იქნებიან ცნობილი ქობულეთელი ხელოსნები, სახალხო მკურნალები, კულინარები. მოხდება მათი საქმიანობის პოპულარიზაცია, საზოგადოება გაიცნობს საინტერესო ადამიანებს, მომზადდება საინფორმაციო მასალა.
პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის და სოციალურ - ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.