http://www.awa.org.ge

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავად, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში (პროექტის დონორი -ევროკავშირი) ქობულეთში მცხოვრებ სამამულო ომის ვეტერანებს: ტატიანა სირაძეს, შუქრი კენჭაძეს, ოსმან ცეცხლაძეს და მემედ ბეჟანიძეს უმასპინძლეს. სამწუხაროდ, წლებს თავისი მიაქვს და ვეტერანთა რიცხვიც დღითი დღე მცირდება, ქობულეთში დღეს სამამულო ომის მონაწილე, სულ რაღაც 13 ვეტერანიღაა შემორჩენილი, მათმა უმრავლესობამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზეიმო საღამოზე მოსვლა ვერ შეძლო, ასოციაციის წევრებმა ისინი ოჯახებში მოინახულეს, მათ ყვავილებთან ერთად სიმბოლურ საჩუქრები მიართვეს. საღამოზე მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასოციაციის ბენეფიციარები და ქობულეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომელთაც ვეტერანებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა იმ გმირული თავდადებისათვის, რაც მათ საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად გამოიჩინეს. იყო მრავალი ლექსი და პატრიოტული სიმღერები, რომელიც ტრადიციულად კულტურის ცენტრმა შეგვისრულა. საღამოს დასასრულ საზეიმო ტორტი გაიჭრა. სიმბოლურია, რომ დიდი სამამულო ომი 1418 დღე გრძელდებოდა და ქობულეთმა, რომელიც 40-იან წლებში დღევანდელის ნახევარიც არ იყო, ომის სიკვდილის მანქანას ზუსტად ამდენივე - 1418 მებრძოლი შესწირა... საღამოზე შეკრებილმა საზოგადოებამ ომის დროს და შემდგომ წლებში გარდაცვლილი მეომრების ხსოვნა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
საზეიმო შეხვედრის შემდეგ ასოციაციის წევრები და ბენეფიციარები ომში დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად ფიჭვნარის ძმათა სასაფლაოს ეწვივნენ და ყვავილებით შეამკეს იგი.

უკან