რატომ გახდნენ ადამიანები აგრესიულები, რა არის ძალადობა, როგორ აღვკვეთოთ ძალადობის ფაქტები და რა სახის სააგიტაციო მუშაობაა საჭირო მედიასაშუალებებით, ქვეყანაში ძალადობის ფაქტები რომ შემცირდეს, - ამ და სხვა თემებზე იმსჯელეს დღეს ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებმა და მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის ახალგაზრდა ჟურნალისტებმა პროექტ „ხანდაზმულთა რესურსცენტრის“ (დონორი ევროკავშირი) ფარგლებში გადაღებული სოციალური რეკლამის „არა ძალადობას!“ განხილვისას. ცხარე დებატების დროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მივიდნენ საერთო დასკვნამდე, რომ ძალადობის ძირითადი მიზეზი სოციალური ფონის გაუარესება, საზოგადოების სხვადასხვა ფენაში არასაკმარისი განათლება და ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლთა შემგუებლური პოზიციაა, რაც სავალალო შედეგებამდე მიდის. ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც თვლიან, რომ სოციალურ რეკლამაში უნდა ჩაიდოს მეტი პოზიტივი, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს სიყვარულსა და სიკეთეზე, თუმცა ამავდროულად საინფორმაციო საშუალებები არც ცალკეული ფაქტების გამოაშკარავებას არ ნდა მოერიდონ. დისკუსიაში მონაწილეთა აზრით, კარგია, რომ უკვე ძალადობის ფაქტები მოქმედი კანონმდებლობით რეგულირდება, თუმცა სანქციები ძალიან მსუბუქია და აუცილებელია სასჯელის ზომის გამკაცრება.
კამპანიის ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო მასალა.