ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის და სოციალურ - ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ ქობულეთის მუზეუმთან ერთად ახორციელებს პროგრამას - ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ“. პროგრამა მოიცავს პრეზენტაციებს, სემინარებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ექსპედიციებს და გამოფენებს სხვადასხვა თემებზე: ხელსაქმის და ხელოსნობის ტრადიციები ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული სარიტუალო ტკბილეული, ლოცვები და შელოცვები, სახალხო მედიცინა, ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები და სხვა. აქტივობებში ჩართული იქნებიან ცნობილი ქობულეთელი ხელოსნები, ხელსაქმის ოსტატები, სახალხო მთქმელები, და მკურნალები, კულინარები. მოხდება მათი საქმიანობის პოპულარიზაცია, საზოგადოება გაიცნობს საინტერესო ადამიანებს, მომზადდება საინფორმაციო მასალა. მეორეს მხრივ პროგრამა ხელს შეუწყობს ხანდაზმულთა ინტეგრაციას საზოგადოებაში.
პროგრამის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით : რეზო ტაკიძე – ჯგუფის ხელმძღვანელი /ქობულეთის მუზეუმის დირექტორი; ნინა ჯინჭარაძე – ასისტენტი/ მოხალისე ; ნატა მიქელაძე – ასოციაციის წარმომადგენელი/ ასისტენტი – ფოტო/ვიდეო გადაღება; ლაშა ჟღენტი – ასოციაციის წარმომადგენელი/ ასისტენტი – მძღოლი; ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უძველესი ლოცვების მცოდნე ხანდაზმულებს ეწვია. შელოცვა ხალხური ზეპირსიტყვიერების საინტერესო და ენობრივად მდიდარი ფორმაა. ის გვაძლევს საშუალებას ვეზიაროთ რელიგიურ წარმოდგენებს, ცრურწმენებს, ქართულ ენობრივ და აზრობრივ ცნობიერსა თუ ქვეცნობიერს. ქობულეთელი შემლოცველების შელოცვები წარმართული, ქრისტიანული და ოსმალური პერიოდის ზეპირსიტყვიერების საინტერესო ნაზავია.. ექსპედიციამ რამდენიმე რესპოდენტი ჩაიწერა და გადაიღო ფოტო.ვიდეო მასალა. მალე მოპოვებული მასალას ფართო საზოგადოება გაეცნობა. იგეგმება პრეზენტაცია და ვიდეო ფილმის მომზადება.
"ვისაც შემლოცველის ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები მოუსმენია, დაგვემოწმება, რომ ეს, უწინარეს ყოვლისა, პოეზიაა; პოეზიაა თავისი შინაგანი რიტმით, ექსპრესიით, კეთილხმოვანებით. შემლოცველს სჯეროდა, რომ მის სიტყვებს ავადმყოფის განკურნება შეეძლო. სიტყვით აქიმობა ძველთაძველი ტრადიციაა, სადღეისოდ მოშლილი და მივიწყებული". ამირან არაბული