http://www.awa.org.ge

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც 12 აგვისტოს ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის’’ ოფისში პროექტ ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ ფარგლებში (დონორი ევროკავშირი) გაიმართა. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა.
2015 წელს ამ დღის თემაა „ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა“. რომლის მიზანია გაიზარდოს ცნობიერება ახალგაზრდული ინიციატივებისა და აქტივობების შესახებ, რომლებსაც ისინი ახორციელებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავიანთი ოჯახებისა და ქვეყნების კეთილდღეობის ხელშესაწყობად.

შეხვედრაზე სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა ახალგაზრდებს დღევანდელი დღე მიულოცეს და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ხანდაზმულთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში. შეხვედრის მონაწილეებმა ნახეს მოხალისეების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ვიდეოები, ასოციაციის თავმჯდომარემ ნანა კალანდაძემ კი ტრადიციული აქციის ,,ჩვენც დავბერდებით“ მონაწილე მოხალისეები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

შეკრებას ქობულეთის საკრებულოს წევრი ლია შაქარიშვილი, პარტნიორი გაზეთ ,,ჩემი ქობულეთის“ რედაქტორი ჯემალ მეგრელიძე, ასოციაციის წევრები, მოხალისეები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

უკან