ასეთი რომანტიკული შესახედაობის ხანშიშესული ქალბატონი არასოდეს მინახავს. ბისერით გულგაწყობილი გრძელი შავი კაბა და გემოვნებით შერჩეული ბიჟუტერია თითქოს სპეციალურად მისთვის არის შექმნილი. ეს არ არის ქართველი ქალის ტრადიციული შაოსნობა - ეს სულ სხვა, კეთილშობილი სიშავეა.
უნებურად დეჟა ვიუს განცდა მეუფლება. მერეღა ვხვდები: ჭაღარა კულულებით და სახის სათნო გამომეტყველებით ძველებური პორტრეტიდან გადმოსულ მანდილოსანს მაგონებს.
ხანდაზმულთა ასოციაციის მიერ გამართულ „ჩემი მშვენიერი ბებიას“ კონკურსის სამეულში მოსახვედრად გული ღვინჯილიას ქულები არ ეყო. თვითონ ისიც უხარია, რომ მონაწილეობა მიიღო. სამაგიეროდ, ამას თქვენი მონა-მორჩილი ვერ შეეგუება. ვსარგებლობ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, და შვიდი შვილიშვილის ულამაზეს ბებიას „ზღაპრული ბებოს“ წოდებას ვანიჭებ. ახლა კი თავად ქალბატონს მოვუსმინოთ:
- ხანდაზმულთა ასოციაციასთან, უკვე ასე მეშვიდე წელია მაქვს კავშირი - ახლობლებმა მომასწავლეს. ბინის გაფორმებაზე მქონდა პრობლემები; გამგეობაში პასუხებს მიგვიანებდნენ, არ ვიცოდი რა მეღონა და თავს უპატრონოდ ვგრძნობდი. ახლა იმედიც გამიჩნდა, შემართებაც და ეს მთლიანად ორგანიზაციის თანამშრომელთა დამსახურებაა. მათი მზრუნველობით რაღაცნაირად ზურგიც მაქვს გამაგრებული. სპეციალობით მკერავი ვარ. ორგანიზაციამ ესეც გაითვალისწინა და გრანტით საკერავი მანქანა გადმომცა, რაც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ხანდაზმულთა ასოციაციაში სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე და ხალისიც დამიბრუნდა: აქ იმართება ლიტერატურული და სიმღერის საღამოები; ბავშვობიდან ვმღერი, ვუკრავ და ლექსებსაც ვწერ, ამდენად საღამოებს სიამოვნებით ვესწრები. ტარდებოდა აგრეთვე ინგლისური ენისა და კომპიუტერზე მუშაობის გაკვეთილები. მე კი ინგლისური ყოველთვის მიტაცებდა. ასოციაციაში ფსიქოლოგიური ლექციებიც მოვისმინეთ. აქ ისეთ საზოგადოებასთან მომიწია დაახლოება, სხვა დროს ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს შეხვედრები ჩვენთვის არა მარტო სასიამოვნო ურთიერთობა და გართობაა, არამედ რაღაც ახლის გაგების შესაძლებლობაცაა.
ავტორი: მედეა გოგსაძე
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.