რა გამოწვევების წინაშე დგანან ხანდაზმულები და როგორ უმკლავდება ქვეყანა დაბერების პრობლემას? „ასოციაცია ღირსეული სიბერის“ ორგანიზებით ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ კონფერენცია მოეწყო.
კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა ხანდაზმულთა პრობლემების აქტუალიზაცია და მათი ინტერესების ადვოკატირება. კონფერენციას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები.
2014 წელს გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 65 წლისა და უფროსი ასაკის პირები მთლიანი მოსახლეობის 14% შეადგენენ - 2050 წლისთვის კი მათი წილი 25 % გახდება. საზოგადოების დაბერების გამომწვევი მიზეზებია: შობადობის შემცირება, სოცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა, ახალგაზრდების მიგრაცია.
შეხვედრის მონაწილე ექსპერტების მოსაზრებით საზოგადოების დაბერებამ ქვეყნისთვის შესაძლოა მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს.
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან ხანდაზმულები საქართველოში:
- საარსებო სახსრების სიმწირე,
- ჯანდაცვის პროგრამებზე, ასევე მედიკამენტებზე ხელმიუწვდომლობა,
- საზოგადოებისაგან და ოჯახისგან გარიყულობა,
- ხანგრძლივი მოვლის სისტემის არარსებობა,
- სპეციალისტების სიმწირე.
მოსახლეობის დაბერების წინააღმდეგ არსებობს 2016-2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, თუმცა ექსპერტები მიჩნევენ, რომ დეტალურად უნდა დამუშავდეს საკანონმდებლო ბაზა, უნდა მოხდეს საზოგადოების დაბერების პოლიტიკისა და მიზნობრივი პროგრამების გადახედვა და მათში მადრიდის სამოქმედო გეგმის პრინციპების ასახვა.
ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამების აუცილებლობაზე ისაუბრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწყებული საქმე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს. სამინისტრო კი მზადყოფნას გამოთქვამს, რათა მეტი ძალისხმევით იმუშაონ ხანდაზმულთა საკითხებზე.
კოფერენციის მონაწილეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ დაბერების პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი წინაპირობა შობადობის გაზრდა, ხანდაზმულებზე ზრუნვა, მათი ცხოვრების გაუმჯობესება ფინანსური და სოციალური მდგრადობის კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია საპენსიო რეფორმის სწორად წარმართვა.
კონფერენციის მსვლელობისას მოხდა დაბერების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება, პარტნიორული ქსელის ჩამოყალიბება და ხელისუფლებასთან თანამშრომლობითი ურთიერთობების ინიცირება.
კონფერენცია გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში, რომელსაც ასოციაცია ღირსეული სიბერე, დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი ახორციელებენ.