7 ივლისს საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში) გაიმართა კონფერენცია თემაზე: “დაბერების პოლიტიკა საქართველოში”.
კონფერენციის მიზნად ისახავდა დაბერების საკითხის ინტეგრირების მხარდაჭერას საჯარო პოლიტიკასა და პროგრამებში ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.
გაეროს ევროპის ეკონომიკური საბჭოს (UNECE) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით შემუშავებულ იქნა გზამკვლევი საქართველოში დაბერების საკითხის მეინსტრიმინგისათვის, რაც წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და წარმოადგენს მყარ საფუძველს დაბერების საკითხის შესახებ სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, გაეროს ევროპის ეკონომიური კომისიის (UNECE) მოსახლეობის განყოფილების უფროსი ვიტალია გაუკაიტე ვიტიჩი, USAID/დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის ხელმძღვანელი დევიდ სმიტი, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე.
კონფერენციაში ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" ხელმძღვანელი ნანა კალანდაძეც იყო მიწვეული.
კონფერენციის მონაწილეებმა - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და პარლამენტის სხვა წევრებმა, სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, გაეროს, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს დაბერების საკითხის შესახებ საქართველოში დღეისთვის არსებული მდგომარეობა და საჭიროებები და წარმოადგენენ ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე თუ დაგეგმილ ღონისძიებებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქაიროს მოსახლეობისა და განვითრების კონფერენციის სამოქმედო პროგრამა - ICPD 2014 წლის შემდგომ და გლობალურად მიღებული რეკომენდაციები მოსახლეობის დინამიკის და დაბერების თემაზე.
კონფერენციამ შეიმუშავა რეზოლუცია, რომელშიც აისახა რეკომენდაციები დაბერების საკითხის ინტეგრირებისათვის სამთავრობო პოლიტიკასა და პროგრამებში.
კონფერენცია გაიმართა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროექტთან და საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდთან თანამშრომლობით.
14 საათზე, კონფერენციის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიხსნა ფოტო გამოფენა: “გაუფრთხილდით დროს: დაბერება საქართველოში ხანდაზმული მოქალაქეების თვალით”.