http://www.awa.org.ge

მედეა გოგსაძე

 

 

„ხანდაზმულ ადამიანებს მართალია ახალგაზრდული სილამაზე აღარ აქვთ, მაგრამ ისეთი მომხიბვლელები არიან, რადგან ცოდნითა და სიბრძნით არიან გასხივოსნებულნი“ ეს სიტყვები ოთხმოცი წლის მანდილოსანს, ქალბატონ ზაირა ორჯონიკიძეს ეკუთვნის. ხანდაზმულ მოქალაქეთა დიდი ნაწილი მოკლებულია ელემენტარულ საჭიროებათა დაკმაყოფილების საშუალებას, ამიტომ საზოგადოებრივი აქტიურობის არც ძალა აქვთ და აღარც სურვილი. შესაბამისად, დაბერება საქართველოში თამაშგარე მდგომარეობაა, რითაც ქვეყანას უდიდესი ზარალი ადგება. ცალკე საკითხია პრობლემის ჰუმანიტარული ასპექტი: 2010 წელს 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები მოსახლეობის 14%-ს აღემატებოდა. 2030 წლისთვის ეს მაჩვენებლები 21%-მდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს რომ „თამაშგარე მდგომარეობაში“ მყოფი სოციალური ჯგუფის რაოდენობა მილიონს მიაღწევს. ანუ კარგად გააზრებული დაბერების პოლიტიკა ქვეყანას ჰაერივით ჭირდება.
დაბერება თამაშგარე მდგომარეობა არ უნდა იყოს
საზოგადოება „ახალგაზრდაა“ თუკი 65 და მეტი ასაკის ადამიანები ქვეყნის მოსახლეობის 4%-ზე ნაკლებია, თუ 4%-სა და 7%-ს შორის მერყეობს - „ბალზაკის ასაკთან“ გვაქვს საქმე, ხოლო თუკი ამ ზღვარს გადააჭარბა - დაბერებულად ითვლება. ჩვენი საზოგადოება ამ მიდგომის თანახმად გადაბერებული გამოდის. ნამდვილად პარადოქსია რომ ასეთ ქვეყანაში დაბერების პოლიტიკის შემუშავებაზე ბოლო წლებამდე არავის უფიქრია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: დასავლეთში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხანდაზმულთა მდგომარეობის მეცნიერულ შესწავლას მათი დასაქმების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის. 1991 წელს გაერომ დაამტკიცა ხანდაზმულთა თვრამეტი საბაზისო უფლება: მოვლა-ზრუნვის, დამოუკიდებლობის, ჩართულობა-მონაწილეობის, პირადი პოტენციალისა და ღირსების რეალიზაციის და ა.შ. 1992 წელს დაბერების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, ხოლო 2002 წელს მეორე საერთაშორისო ასამბლეამ მადრიდში მიიღო პოლიტიკური დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც დაზუსტდა და გაღრმავდა ადრე დასახული პრიორიტეტები.
მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში ნელ-ნელა საქართველოც ერთვება. ამისი დამადასტურებელია 2015 წლის ივლისში ჩატარებული ეროვნული კონფერენცია, რომელზედაც დაბერების პოლიტიკის შესამუშავებლად მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ხოლო მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო დადგენილება „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ. ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროში სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ. მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით განისაზღვრა ათი ძირითადი ვალდებულება: ხანგრძლივ პერსპექტივაზე ორიენტაცია, სოციალური დაცვის სისტემის მოწესრიგება, ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლება-განათლების სისტემის ორგანიზება, გენდერული მიდგომის დანერგვა და ა.შ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კოორდინაცია უნდა გაუწიოს ამ საკითხებზე 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას და პერიოდულად შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს.
აი რას ამბობს აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე:- დაბერების ფენომენი დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე. მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ. გასული საუკუნის 60-იან წლებში 15 წლამდე ბავშვთა რაოდენობა ჭარბობდა ხანდაზმულთა რაოდენობას. დღეს კი ხანდაზმულნი 100 ათასით ჭარბობენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დაბერების პოლიტიკის სწორი შემუშავება. იგულისხმება ხანდაზმულთა უფლებების დაცვა, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ა.შ. სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ერთ-ერთი ვალდებულებაა ხანდაზმულთა პროფესიული რეალიზაცია, აგრეთვე სახელმწიფო და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვა. ამისათვის აუცილებელია გადამზადების კურსების ორგანიზება. ასაკობრივი დისკრიმინაციის დასაძლევად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით. ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით შრომის კოდექსში განთავისუფლების საფუძვლებიდან ასაკი ამოღებული იქნა. გარდა ამისა 2017 წლიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც ანალოგიური ნორმა ამოქმედდება. კონცეფციის სოციალური მიმართულებებიდან უმნიშვნელოვანესია სწორი საპენსიო პოლიტიკის გატარება. ჩვენ ვიმუშავეთ ეკონომიკის სამინისტროსთან და იმედი გვაქვს რომ 2017 წლის მესამე კვარტლიდან მოვახერხებთ დაგროვებითი, აგრეთვე საბაზისო საპენსიო სისტემის დანერგვას. ძალზე მნიშვნელოვანია მოხუცებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და თაობათა შორის ურთიერთობის დარეგულირება. ეს ჩვენს ტრადიციებსაც შეესაბამება. მარტოხელა მოხუცებისთვის კი აუცილებელია შინ მოვლის პროგრამების გააქტიურება.
ხანდაზმული მუშაკები ყველაზე გამოცდილი კადრები არიან
ხანდაზმულ მოქალაქეთა შრომითი დასაქმება-თვითრეალიზაცია საქართველოს პირობებში საკმაოდ ძნელად განსახორციელებელი ამოცანაა. ისევე როგორც მათი აუცილებელი გადამზადება და სწავლა-განათლება. დოკუმენტი ქვეყნის წინაშე ურთულეს ამოცანებს აყენებს.
აი რას ამბობს ამის თაობაზე სამოქმედო გეგმის შემუშავების ეროვნული კოორდინატორი ნინო დავითაშვილი: - ზოგადად, ხანდაზმული მუშაკი მისი ინსტიტუციური მეხსიერებით, გამოცდილებითა და უნარებით ფასდაუდებელი განძია. ფასდაუდებელია. ხანდაზმულების მიმართ სტერეოტიპი არსებობს, რომ არ ფლობს თანამედროვე ცოდნას, ტექნოლოგიებს, ახალ ცოდნას ვეღარ შეიძენს და ამიტომ აღარ უნდა იმუშაოს. აუცილებელია ამ სტერეოტიპების დანგრევა. საშუალებაა. ხანდაზმულ მუშაკთა გადამზადება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ უნარებში გაზრდის მათი დასაქმებისა და სამსახურის შენარჩუნების შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს სოციალურ ჩართულობას. ეს კი ხელს შეუწყობს ისეთი მძიმე შედეგების პრევენციას, როგორიც არის ხანდაზმულთა დეპრესია, დემენცია, მარტოობა და სხვა. რაც შეეხება ვალდებულებათა გენდერულ ასპექტს, მასში იგულისხმება, მაგალითად, გენდერული ნიშნით ძალადობისგან და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ხანდაზმულ ქალთა და მამაკაცთა საჭიროებების გათვალისწინება. როგორც ცნობილია, სიცოცხლის ხანგძლივობა ქალებში უფრო მეტია ვიდრე მამაკაცებში. შესაბამისად, მეტია ქვრივად დარჩენილი ქალი, რომლებსაც შეიძლება არც ქონდეთ პროფესია და სამუშაო გამოცდილება, შესაბამისად რესურსებზე მათი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ამ საკითხების სათანადოდ ასახვა სახელმწიფო პროგრამებში ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას.
ხანდაზმულთა მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს
ექსპერტი უჩა ვახანია (არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თაობა'', დირექტორი; კოალიცია ,,შინ მოვლა საქართველოში'', ხელმძღვანელი) დარწმუნებულია რომ ხანდაზმულთა პატივისცემა ნიშნავს საზოგადოების ხვალინდელ დღეში ინვესტირებას და კულტურულ საზოგადოებას ამის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს. მისი აზრით, პირველ რიგში უნდა განხორციელდეს კონცეფციის ის პუნქტები, რომელიც ხანდაზმულთა ყველაზე უმწეო ნაწილის საჭიროებებზეა ორიენტირებული. იგულისხმება ის მოხუცები, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან ( ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და ჰიგიენა) და აუცილებელ სოციალურ საჭიროებებს ვერ მართავენ (საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა, გადასახადების გადახდა, საკვების მომზადება და ა.შ.): - დაუშვებელია რომ მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად დაბერებადი ქვეყნის სახელმწიფო პროგრამებში არსად გაკვრითაც კი არაა ნახსენები ეს უზარმაზარი პრობლემა - პროგრამები უმწეო მოხუცებისა და მათი მომვლელებისთვის. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ოჯახის წევრი როგორც პიროვნება კვდება შენს თვალწინ: მოისაქმებს სადაც მოეპრიანება, შეიძლება ცეცხლი გააჩინოს, ან გაიპაროს. ოჯახის წევრებისთვის ეს უმძიმესი სტრესია. დასავლეთში არსებობს ე.წ. „განტვირთვის მოვლა“ მათთვის ვინც ასეთ მოხუცებზე ზრუნავს. მოხუცს ორი-სამი კვირით გადაიყვანენ სპეციალურ დაწესებულებაში, ხოლო მომვლელთან მოდის სოციალური მუშაკი რომელიც ეხმარება თავი მოიწესრიგოს, საზოგადოებაში გავიდეს, გაერთოს. ამ ორ-სამ კვირაში გადაღლილი ადამიანი განიმუხტება და ახალი ძალით ივსება. მოწინავე ქვეყნებში ასეთი სისტემა უკვე 70-იანი წლების ბოლოდან არსებობს. გარდა ამისა დაბერების პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება შინ მოვლის სერვისია. პარალელურად აქვთ ე.წ. „დღის ცენტრებიც“, სადაც რამდენიმე ხანდაზმულს ორი მომვლელი უვლის. საღამოზე კი მოხუცები სახლში ბრუნდებიან. საბაზისო მოთხოვნილებებზე ორიენტირებული სერვისები უფასოა. ფასიანი მხოლოდ სულიერ-კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე მიმართული მომსახურებაა. ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახს შეუძლია მიიღოს სერვისის შესაბამისი თანხა ოცდახუთი პროცენტის გამოკლებით და იაფად დაიქირავო მომვლელი, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპიდან. აი ავსტრიაში კი პირდაპირს ფულს გაძლევენ: სიტუაცია შეფასდება შვიდ საფეხურიანი სისტემით, განიჭებენ სიმძიმის კატეგორიად და გადმორიცხული თანხით სერვისის მიმწოდებელს ქირაობ. ცხადია დიდი მნიშვნელობა აქვს მოხუცთა პროფესიულ თვითრეალიზაციას. ადამიანს საპენსიო ასაკისთვის უგროვდება უდიდესი გამოცდილება, რომელზედაც უარის თქმა დიდი შეცდომაა. სწორედ თაობების წყვეტის გამო დავკარგეთ ჩვენი შესანიშნავი მათემატიკის და გეოლოგიის სკოლები. დასავლეთში, მაგალითად, არსებობს ასაკოვანი კონსულტანტების მომსახურების სამსახური და ეს ძალზე საინტერესო გამოცდილებაა.
ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ნანა კალანდაძეც პარლამენტის მიერ დაბერების კონცეფციის დოკუმენტის მიღებას სერიოზულ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. - იმედია ახალი პარლამენტი დაასრულებს სამოქმედო გეგმაზე მუშაობას და უზრუნველყოფს ხანდაზმულთა ინტერესების გათვალისწინებას სხვადასხვა სექტორულ პოლიტიკასა და პროგრამაში. ხანდაზმულები არ უნდა არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ხვრელი ეკონომიკაში ჯანმრთელობის დაცვაზე ხარჯებისა და საპენსიო ხარჯების გაზრდის გამო. მათ არ უნდა მიიჩნევდნენ ინტელექტუალურად ნაკლებად განვითარებულ და უსარგებლო ადამიანებად. ჩვენს დროში პენსიაზე გადიან უფრო განათლებულები, უფრო ფართო ინტერესებით და ფსიქოლოგიურად უფრო ახალგაზრდები ვიდრე 50 წლის წინ. დაუშვებელია რომ ხანდაზმულნი მარგინალიზაციის და დისკრიმინაციის გამო იტანჯებოდნენ. დროა ეიჯიზმს უარი ვუთხრათ და მათი პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. სტატიაში განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს დონორი ორგანიზაციის მოსაზრებებს.

უკან