http://www.awa.org.ge

ოქროსხელება ბაბუა
პათეტიკა არ გეგონოთ - ბატონ ზაურ ცეცხლაძეს ნამდვილად ოქროს ხელები აქვს. ღმერთმა არც ნათელი გონება და ხალასი ნიჭი დააკლო. სახლი და ეზო-კარი საკუთარი ხელით აქვს მოწესრიგებული და გაწყობილი. კოხტა, ფაქიზად ჩაწყობილი მოზაიკური გალავანი მომავალ კლიენტს უკვე ჭიშკართანვე მიახვედრებს, რომ არჩევანი არ შეშლია და ათიანში გაარტყა.
გალავანს ვინ ჩივის, რასაც კი თითი ვატაკე, ყველაფერი მისი ნახელავი აღმოჩნდა!
- არ მითხრათ ახლა, რომ ეს მშვენიერი ავეჯი და ლამაზი ხის ჭერიც თქვენ გააკეთეთ, თორემ ვიკივლებ! - შევიცხადე.
- სწორედ ასეა! - იცინის მასპინძელი.
პრაქტიკა ყველაზე საუკეთესო მასწავლებელია, ხოლო ნიჭი და გულმოდგინება - ყველაზე საიმედო დამხმარენი. ბატონი ზაური სპეციალობით მშენებელი ინჟინერია, მაგრამ, აგრეთვე, ბრწყინვალედ ერკვევა ელექტროობაში და ავტოინჟინრის უნარ-ჩვევებსაც ფლობს. თავად იმსჯელეთ - საკუთარი ხელით ნაკეთები ავტომანქანით დაბრძანდება. მაგრამ ჯერ სად ხართ: ჩვენი მასპინძლის კუთვნილი მოზაიკური ფილების ინდივიდუალური საწარმო მის მიერვე შექმნილ აგრეგატზე მუშაობს. მოზაიკური ფილების მკეთებელი ჩარხის ნახაზები ინტერნეტში მოიძია და მოდელში გარკვეული შესწორებები შეიტანა. მისმა იდეებმა ყველა მაჩვენებლით გაამართლა^
- ჩემი აგრეგატი უფრო სწრაფად და ხარისხიანად მუშაობს. ინტერნეტში რომ მოდელია, რვა საათში 20 კვ.მ პროდუქციას ამზადებს, ხოლო ჩემი - 40-50 კვ.მ-ს. ამასთან, ენერგიასაც ნაკლებს მოიხმარს და უფრო ეკოლოგიურია - გარემოს ნაკლებად აბინძურებს. შესაძლოა, გერმანიაში უკეთესი მოდელებიც აქვთ, მაგრამ თურქეთში - არა მგონია. ჩემს პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია როგორც ბათუმში და ქობულეთში, ისე მიმდებარე სოფლებშიც. მოგეხსენებათ, ხალხი კარმიდამოს აწესრიგებს ტურისტების მისაღებად. რამდენიმე თვის წინ ხანდაზმულთა ასოციაციაში გავწევრიანდი და პროექტი წარვადგინე. მიღებული დაფინანსებით შევიძინე საჩარხე დაზგა და შემდუღებელი აპარატი. ადრე მქონდა საბჭოთა პერიოდის მოდელი, მაგრამ რაც საჭიროა იმ ხარისხით ვერ ადუღებდა. ახლა უფრო სწრაფად და ხარისხიანად ვმუშაობ. პროდუქციაც 20-25%-ით მეტი გამომდის, რისთვისაც ასოციაციის დიდად მადლობელი ვარ.
                                                                ავტორი: მედეა გოგსაძე სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.    
უკან