ქედუხრელნი
ილია ჯინჭარაძე ძველი გვარდიის ქედუხრელი ჯარისკაცია. იმდენად ლაღი და ენერგიულია, რომ 71 წელს ყველაზე არაკეთილგანწყობილი ადამიანიც კი ვერ მისცემს. საქმეში ჩაუხედავი ვერც იმას იაზრებს, რამხელა მორალურ ტვირთთანაა შეჭიდებული ეს ოჯახი. ვაჟიშვილს - ზვიადს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და სავარძელს მიეჯაჭვა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება, ასე ვთქვათ, გადატვირთვის რეჟიმში გადავიდა. ცოლ-ქმარმა ყველაფერი იღონა, რათა შვილისთვის აუცილებელი პირობები შეექმნა და მისთვის ცხოვრების აქტიური წესი შეენარჩუნებინა. ლამაზად მოვლილ, ამწვანებულ კარ-მიდამოს ბატონი ილია, მისი მეუღლე და ვაჟი ერთად პატრონობენ. დამრეც ფერდობზე დამონტაჟებული მოწყობილობით ყმაწვილი სამუშაოდ ჩადის; იმავე მოწყობილობით მოსავლის ამოტანაცაა შესაძლებელი. ზვიადი დაკავებული დაგვხვდა - სპეცტანსაცმელში გამოწყობილი სკებს უკირკიტებდა. ზამთარი მთაში მალე მოდის და ფუტკრების დროულად მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. საქმეში ჩაძირულმა მხოლოდ შორიდან გაგვიცინა. სამაგიეროდ, მეგზურობა ბატონმა ილიამ გაგვიწია და ენაწყლიანად გაგვესაუბრა კიდეც:
- სპეციალობით აგრონომი ვარ. სამწუხაროდ, ამ პროფესიას ახლა ჯეროვანი ყურადღება აღარ ექცევა, მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის თუ გამოიყენებ. უამრავ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მიმუშავია, მაგრამ როდესაც საჭირო გახდა. მთლიანად მიწას მივუბრუნდი. გვაქვს მანდარინის და თხილის პლანტაციები, ვაზი, ფუტკარი, საყანე ფართობი და ა.შ. ახლა ამას ფერმერობას უწოდებენ. ძნელია თუ არა ამხელა მეურნეობის გაძღოლა? ცხადია, ძნელია! მაგრამ როდესაც თევზი გიყვარს, ფეხის დასველების არ უნდა შეგეშინდეს.
ხანდაზმულთა ასოციაციის ძალიან მადლობელი ვარ. ხანდაზმული ფერმერებისთვის კონკურსი გამოაცხადეს. ჩვენ წარვადგინეთ პროექტი მეფუტკრეობაზე და გრანტი მივიღეთ. ბათუმის მეფუტკრეობის მაღაზიაში ათასი ლარის ფარგლებში შევიძინეთ თაფლის საწური აპარატი, სპეცტანსაცმელი და რაც კი საქმისთვის დაგჭირდებოდა. ვიღაც, იქნებ, კიდეც იტყვის, აბა რა არის ათასი ლარიო;, მაგრამ ჩემთვის ასი ათასსაც უდრიდა და მეტსაც. პირველად ვნახე ორგანიზაცია, სადაც მივედი, ავუხსენი ჩემი გასაჭირი და ჩვენი სატკივარი მაშინვე გულთან მიიტანეს.
ავტორი: მედეა გოგსაძე
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.