http://www.awa.org.ge

 

სიბერე ადამიანის ცხოვრების თანმდევი ეტაპია. ყველა ასაკს აქვს თავისებური სილამაზე და ხიბლი. სიბერე ალამაზებს ადამიანს სიბრძნით, სიმშვიდით და ბავშვური გულუბრყვილობით. ხანდაზმულ ასაკში ადამიანები ფლობენ იმ სიღრმისეულ ცოდნას, რომელიც ეძლევა მხოლოდ ცხოვრება გამოვლილ ადამიანებს. ხანდაზმულ ადამიანებს კაცობრიობის ისტორიაში ბევრი მიღწევა ეკუთვნით.

ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულები განეკუთვნებიან საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველ ფენას. ბევრი მათგანისათვის უზრუნველყოფილი და ღირსეული სიბერე აუხდენელი ოცნებაა. მოხუცებმა განვლეს ცხოვრების გრძელი და რთული გზა, მიუძღვნეს თავიანთ ქვეყანას, ოჯახებს ყველაზე საუკეთესო წლები. ტრადიციულად საქართველოში ხანდაზმულ ადამიანებს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ბოლო ათწლეულებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ეკონომიურმა სიდუხჭირემ სიტუაცია შეცვალა. ჩვენს ქვეყანაში მოხუცებმა დაკარგეს ყველა დანაზოგი, რომელიც უნდა დაეხარჯათ ხანდაზმულ ასაკში. საშუალო პენსია საარსებო მინიმუმზე დაბალია და დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.
ბევრი ოჯახი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ამიტომ მოხუცები, რომლებიც მოვლას საჭიროებენ ოჯახისთვის ხშირად ზედმეტ ტვირთს წარმოადგენენ. ხშირია ხანდაზმულთა დისკრიმინაციის ფაქტები, ასაკობრივი, ეკონომიური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური. ყველაზე დიდი უბედურება მოხუცთათვის არის მარტოობა, ურთიერთობის ნაკლებობა, შიში რომ არ აღმოჩნდნენ საზოგადოებისთვის უსარგებლო. 

 
ხანდაზმულ ქალთა ჯგუფმა, რომლებმაც გამოიარეს თავიანთ ცხოვრებაში მეორე მსოფლიო ომი, კომუნისტური რეპრესიები, სამოქალაქო და სეპარატისტული ომები დააარსეს ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ,, ღირსეული სიბერე:”


 ,,
ჩვენ გვინდა,რომ ჩვენი ქვეყნის მრავალი ხანდაზმული ადამიანისთვის დარჩენილი ცხოვრება იყოს არა სიცოცხლის დასასრულის მოლოდინი, არამედ სრულფასოვანი ცხოვრების კანონზომიერი ეტაპი . გვინდა მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, ვაგრძნობინოთ სითბო და სიხარული, ვიზრუნოთ უძლურ და გარიყულ ხანდაზმულ ქალებზე. გვსურს გვქონდეს განცდა, რომ საზოგადოებას ჩვენ ვჭირდებით. გვსურს განვაცხადოთ ხანდაზმულთა პრობლემების შესახებ, ვიბრძოლოთ ხანდაზმულთა უფლებებისათვის. შეგვიძლია ჩვენი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ საკუთარი თავისა და სხვების დასახმარებლად. უმცროს თაობას გავუნაწილოთ მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. სამიზნე ჯგუფი და ჩვენი პრიორიტეტები არიან სოციალურად დაუცველი, უმწეო, ოჯახის მზრუნველობას მოკლებული, მარტოხელა ხანდაზმული ქალები, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოებისაგან მივიწყებულნი არიან და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება."   ტატიანა სირაძე - ასოციაციის  ,,ღირსეული სიბერე“ დამფუძნებელი, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი.

 

ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია,,ღირსეული სიბერე” დაფუძნდა 2009 წლის 2 აპრილს.


2009 წლის 21 აპრილს დარეგისტრირდა როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.