ტატიანა სირაძეს ქობულეთელ მკითხველთან წარდგენა არ სჭირდება, ამ ღვაწლმოსილ ქალბატონს, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებულ ექიმს, რაიონის წინაშე დიდი დამსახურება გააჩნია, რაც არა ერთი სამადლობელი სიგელითა თუ ჯილდოთი აღნიშნულა კიდეც. მისი ყველაზე დიდი ჯილდო კი ქობულეთის საპატიო მოქალაქის ტიტულია. დიდი სამამულო ომის ვეტერანი, წლების მანძილზე ქობულეთის ბავშვთა ძვალ-სახსრის ტუბ-სანატორიუმის მთავარი ექიმი, ღირსეული დედა და ბებია, მუხლჩაუხრელად იდგა საკუთარი ხალხის ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ბუნებით აქტიურ ქალბატონს ხანდაზმულობის ჟამსაც არ დავიწყებია საკუთარი თანამოქალაქეები და რეგიონში პირველმა - ხანდაზმულთა ასოციაცია ,,ღირსეულ სიბერეს“ დაუდო სათავე, რომელიც შემდგომ ერთ ერთ წარმატებულ არასამთავრობოდ იქცა ჩვენს რეგიონში.
ამ რამდენიმე დღის წინ ქალბატონ ტატიანას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა... ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ თითოეულ წარმომადგენელს მოუსვენრობა დაგვეტყო, გვინდოდა, ღირსეულ ქალბატონს სათანადოდ მოვფერებოდით, განვლილი გზა შეგვეხსენებინა, ამაგდარი ადამიანის შრომა დაგვეფასებინა და ახალი თაობის სახელით, ყველაფრისთვის მადლობა გადაგვეხადა... უხერხულობას ქმნიდა მხოლოდ ის მომენტი, რომ ქალბატონმა ტატიანამ ჩვეული თავმდაბლობით უარი განგვიცხადა იუბილის ფართო მასშტაბებზე, თუმცა... ყველაფერში `დამნაშავე გაზეთი ,,ჩემი ქობულეთი“ აღმოჩნდა... გაზეთის წინა ნომერში დაბეჭდილ მოკრძალებულ მილოცვას საოცარი ოპერატიულობით გამოეხმაურა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, რომელმაც ქალბატონი ტატიანასთვის 90 წლის იუბილის პირადად მილოცვის სურვილი გამოთქვა... და აი, ბატონი ნუგზარი თავის მოადგილესთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, პირადად ეწვია ასოციაციის ოფისს, სადაც მუდმივი ხალხმრავლობა და საქმიანი ატმოსფერო სუფევს, მან იუბილარ კოლეგას სხვა საჩუქრებთან ერთად ჭედური ორნამენტებით დამშვენებული `,,ვეფხისტყაოსანი“ მოართვა და განვლილი ცხრა ათეული წლისათვის მადლობა გადაუხადა, როგორც ნუგზარ სურმანიძემ აღნიშნა, პროფესიული სირთულიდან გამომდინარე, იშვიათია ექიმი ადამიანი დღეგრძელთა ასაკს აღწევდეს, ამიტომ ქალბატონი ტატიანას მსგავსი პიროვნებები ჩვენს რეალობაში ძალიან ცოტანი არიან და მათ დამსახურებებს მუდმივი ყურადღება და პატივისცემა სჭირდება. იუბილარი ქალბატონის დამსახურებაზე ისაუბრა ასოციაციის ექსპერტმა ნუგზარ ჟორდანიამ, ქალბატონ ტატიანას იუბილე მიულოცეს ასოციაციის ბენეფიციარებმა ნათელა ჟღენტმა და ლუბა კორძაძემ, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ჯანო ჯინჭარაძემ, მედიაჯგუფი ,,აჭარა P.შ.“-ის მთავარმა რედაქტორმა ჯემალ მეგრელიძემ, ქობულეთის კულტურის ცენტრის პატარა აღსაზრდელებმა კი მუსიკალური ნომრები უძღვნეს იუბილარს. გაეროს კლასიფიკაციით, 90 წლოვანი ასაკი დღეგრძელთა კატეგორიად ითვლება, სწორედ ქალბატონი ტატიანას იუბილე დაედო სათავედ კიდევ ერთ საინტერესო იდეას, ასოციაციის ოფისში შეიქმნას დღეგრძელთა კლუბი, რომელიც გააერთიანებს რაიონის დღეგრძელ ადამიანებს და იზრუნებს მათი ღირსეული სიბერისათვის, იდეას მხარი ყველამ ერთხმად დაუჭირა. ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ თავმჯდომარე ნანა კალანდაძემ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა, სრულდება ერთ-ერთი მაღალბიუჯეტიანი და წარმატებით განხორციელებული პროექტი ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი“, რომლის ფარგლებშიც არა ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელთა ხანდაზმულთა სოციალური, იურიდიული, ყოფითი თუ ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად, პარალელურად ხორციელდებოდა კულტურული ღონისძიებები, ექსკურსიები, სადისკუსიო შეხვედრები, თუ პოეზიის საღამოები... ამჯერად ასოციაციის უკვე გამოცდილი გუნდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი დროული და მეტად საინტერესო პროექტის - ,,ხანდაზმულთა რესურსცენტრი“ განხორციელებას შეეჭიდა, პროექტის ფარგლებში ყველა მსურველ ხანდაზმულს საშუალება მიეცემა ჩაებას ასოციაციის აქტიურ ცხოვრებაში, გაიაროს კომპიუტერის შემსწავლელი და უცხო ენის შემსწავლელი უფასო კურსები, გამოცდილი ტრენერების დახმარებით შეიმუშაოს საინტერესო ბიზნეს-გეგმები და მიიღოს პროექტით გათვალისწინებული მცირე გრანტები, რაც ხელს შეუწყობს მათ თვითდასაქმებას, გვაქვს ამბიცია, შევქმნათ სოციალური საწარმო, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავაფინანსოთ სოციალური პროექტები ასოციაციის ბენეფიციარებისათვის, გავწიოთ ქველმოქმედება, პროექტი განსაკუთრებულად იმ კატეგორიის ადამიანებს მისცემს შვებას, რომლებიც ე.წ. დაკარგულ თაობას წარმოადგენენ ანუ ასაკი მათ დასაქმების საშუალებას არ აძლევთ, ხოლო პენსიამდე კიდევ რამდენიმე წელი აქვთ დარჩენილი. გაწეული საქმიანობის საილუსტრაციოდ, სტუმრებს საშუალება მიეცათ პროექტების ფარგლებში ჩატარებული აქტივობებისათვის ფართო ეკრანზე ედევნებინათ თვალი, როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ განაცხადა, ასოციაცია მართლაც მნიშვნელოვან, დროულ და საჭირო საქმეს აკეთებს, რასაც როგორც პირადად, ისე თავისი უწყებაც მუდმივად მხარს დაუჭერს.
მარიანა ჟღენტი