ლიანა თხილაიშვილმა პატარა მყუდრო ატელიეში მიმიღო. ქალბატონი ლიანა პროფესიონალი მკერავია. მთელი ცხოვრება საკერავ მანქანასთან გაატარა: ატელიეშიც უმუშავია, ბათუმის საფეიქრო ფაბრიკაშიც და ინდივიდუალურ შეკვეთებზეც. ერთი პერიოდი სკოლაში შრომის გაკვეთილებსაც კი ატარებდა. თავისი კოლეგების მსგავსად, ქალბატონი ლიანაც სამომავლოდ მოსწავლეების აყვანას აპირებს. და რაც მთავარია, ყოველთვის ექნება კავშირი ასოციაციასთან, რომელიც თავის წევრებს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს.
- ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები დიდად არასოდეს შემხებია: ტანსაცმელი ადამიანს ყველა წყობაში ჭირდება და ამდენად შეკვეთები არასოდეს მაკლდა. საკერავ მანქანას ვერავინ წამართმევს - იცინის ჩვენი გმირი - მაგრამ სამიოდე თვის წინ გამიფუჭდა და მეგობარმა ხანდაზმულთა ასოციაციასთან დაკავშირება მირჩია. თავად მეგობარი ასოციაციის წევრი არ გახლავთ; უბრალოდ, იცოდა რომ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ხანდაზმულ ადამიანებს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. ბევრი აღარ მიფიქრია და მაშინვე მივაკითხე. ახლა კი ძალიან ვემადლიერები. დავესწარი ლექციებს სხვადასხვა საკითხებზე, არც ტრენინგებს გამოვაკლდი. და რაც მთავარია, ის პრობლემა გადამიწყვიტეს, რომლისთვისაც მივაკითხე. წარდგენილი პროექტის საფუძველზე ორგანიზაციამ გადმომცა გრანტი და, როგორც თავად ხედავთ, ახალ საკერავ მანქანას ვუზივარ. ჩემს პროექტში „ავერლოკის“ გამკეთებელი მანქანის მოთხოვნაც იყო, მაგრამ მისი შეძენა საჭირო აღარ გახდა, ვინაიდან ახალ საკერავ მანქანას მსგავსი ფუნქციაც გააჩნია.
ძველი მოდელი უფრო კაპიტალურია და სქელ ნაჭერზე, მაგალითად ჯინსზე, სამუშაოდ უფრო გამოდგება. ახალი კი უფრო ნაზია; სამაგიეროდ თხელ ქსოვილებს, მაგალითად, შიფონს, უკეთესად კერავს. ისე ახალ მოდელს თუ გაამყარებენ, მაშინ ძველს ბევრად აჯობებს. თუნდაც იმიტომ, რომ უფრო მრავალ ფუნქციურია.
ავტორი: მედეა გოგსაძე სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.