გამონათება
რა ხდება არც ისე ხანდაზმული ადამიანის სულში, როდესაც სამსახურს კარგავს?
ასეთი რამ საქართველოში დღეს აღარავის უკვირს, მაგრამ ვისაც პირადად შეემთხვევა, თავს კატაკლიზმის ეპიცენტრში გრძნობს; და ეს კატაკლიზმი მით უფრო მასშტაბურია, რაც უფრო დიდი ადგილი ეჭირა მის ცხოვრებაში სამსახურს. ასეთ დროს ჩიხში მომწყვდეულივითაა და სასოწარკვეთილების განცდა ეუფლება. ეს განსაკუთრებით მარტოხელა ადამიანზე ითქმის, რომლისთვისაც სამსახური ცხოვრების ძირითადი ნაწილი იყო.
სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ქალბატონი მაია კუტალაძე. სპეციალობით მედმუშაკი გახლავთ. მთელი ცხოვრება ამ საქმეს ემსახურა და ვერაფრით მოინელა ის ფაქტი, რომ 38 წელი მუშაობის შემდეგ მაინც გასაშვებად გაიმეტეს.
მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი ასაკოვანი ადამიანისთვის გამონათებად სწორედ ხანდაზმულთა ასოციაციაში გაწევრიანება იქცა. პროექტით დაფინანსებულმა საქმიანობამ ფინანსური პრობლემები ვერ გადაუწყვიტა, მაგრამ ახალ ადამიანებთან ურთიერთობა და სუვენირების შექმნის პროცესი ნამდვილი შვება აღმოჩნდა. ქალბატონ მაიას ხანდაზმულთა ასოციაციაში მოსვლა ახლობელმა ურჩია:
- გაზაფხულის დასაწყისში მოვედი. ორგანიზაციის თანამშრომლები თბილი ხალხია - ძალიან კარგად მიმიღეს. რამდენიმე ღონისძიებას დავესწარი და ძალიან მომეწონა. ამ ჯერზე სამკაულებისა და სუვენირების კეთება ვისწავლე. მერე ხანდაზმულთა ასოციაციამ პროექტი დამაფინანსა და აპრილში საჭირო მასალებიც შევიძინე. ჯერჯერობით მაინც და მაინც არ იყიდება - მხოლოდ რამდენიმე ნაკეთობა შეიძინეს. მაგრამ მხოლოდ ფულში ხომ არ არის საქმე? უბრალოდ, მიხარია, როდესაც ჩემი ხელიდან რაიმე ლამაზი ნივთი გამოდის. სამომავლოდ კი კომპიუტერის კურსებზე სიარულს ვაპირებ.
ავტორი: მედეა გოგსაძე
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.