http://www.awa.org.ge

 

მუდმივად სიახლის ძიებაში
ქალბატონი მაია შათირიშვილი სპეციალობით ექიმი ჰომეოპათია და ძალიან ამაყობს თავისი პროფესიით. მიაჩნია, რომ ჰომეოპათია ძალიან პერსპექტიული დარგია და სამომავლოდ ღირსეულ ადგილს დაიკავებს მედიცინაში. პარალელურად ხანდაზმულთა ასოციაციასთან თანამშრომლობს - ბენეფიციარიცაა და საქმიანი პარტნიორიც. კერძოდ, ხელსაქმის გაკვეთილებს ატარებს.
პროფესიის სიყვარული ახალი უნარების ათვისებაში ხელს სრულებითაც არ უშლის და მუდმივად სიახლის ძიებაშია. ეს მრავალმხრივი ქალბატონი იმდენ უნარს ფლობს, რომ კიდევ უამრავი პროფილით შეძლებდა გაკვეთილების ჩატარებას. სიამოვნებით ვათვალიერებ მასპინძლის ხელით დამზადებულ სუვენირებს; მერე მცირე ორანჟერეაში მეპატიჟება და მცირე ხნით კაქტუსების სამყაროში აღმოვჩნდებით. ქალბატონმა მაიამ თითოეული მათგანის ლათინური სახელწოდებაც იცის და თვისებებშიც შესანიშნავად ერკვევა:
- ახლა ხანდაზმულთა ასოციაციასთან ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება. მათი დაფინანსებით მინანქრის და კერამიკის ხელოვნება გავიარე და მალე სახელოსნოს გახსნას ვაპირებ. გრანტის თანხით აუცილებელ ხელსაწყოებს, პირველ რიგში, კი, ღუმელს შევიძენ. ალბათ, უფრო სუვენირებს დავამზადებ ქართულ თემაზე; აი, შეხედეთ, რა ორიგინალური კერამიკული სასაპნეა. მიყვარს ასეთი უცხო ფორმები. სამკაულებსაც ვაკეთებ ჩვენს სანაპიროზე მოპოვებული ნახევრად ძვირფასი ქვებით: აქატით, სერდოლიკით და ა.შ. ტურისტებს ასეთი რაღაცები ძალიან მოსწონთ. ნაკეთობის შექმნის პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მალე მცენარეებიდან საკვებ დანამატების დამზატება-რეალიზაციასაც ვაპირებ. სამომავლოდ ჩემი მეუღლეც აპირებს გრანტის სახსრებით სამჭედლოს გახსნას; ეს საქმე ძალიან აინტერესებს.
ძირითად შემოსავალს პროფესია მაძლევს, მაგრამ დამატებითი სახსარი, ცხადია, არავის აწყენს. ზამთარში ბევრი დრო მრჩება და რაიმე რომ არ ვაკეთო, არ შემიძლია. ხანდაზმულთა ასოციაციაში მასწავლებლობასაც, ცხადია, გავაგრძელებ. ძალიან კარგი თანამშრომლობა აგვეწყო.
ავტორი: მედეა გოგსაძე
  სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.
უკან