http://www.awa.org.ge

ბებია და მწყერები
ქალბატონი მედეა ნიჟარაძე ხანდაზმულთა ასოციაციაში გასულ წელს გაწევრიანდა და მაშინვე დიდი სიამოვნებით ჩაერთო ასოციაციის მიერ გამართულ ღონისძიებებში. განსაკუთრებული სითბოთი ნარდის ჩემპიონატს იხსენებს. მართალია წააგო, მაგრამ დიდად არ განიცდის და იმ დღეს მიღებული სიამოვნებისთვის ორგანიზაციის ძალიან მადლობელია. მაგრამ მთავარი მაინც ბიზნეს პროექტია, რომლის განხორციელებაში ხანდაზმულთა ასოციაციასაც მიუძღვის წვლილი.
ქალბატონი მედეა გულღია ღიმილით გვეგებება და ამაყად მიგვიძღვება სახლის შორიახლოს პატარა შენობისკენ, სადაც ფართო გალიებში მწყერები ფუთფუთებენ. ეს მხოლოდ დასაწყისია; ჩვენს მასპინძელს სამომავლო გეგმები საათივით ჩაწიკწიკებული აქვს. ხანდაზმულთა ასოციაციაც გვერდში უდგას და მტკიცედაა დარწმუნებული რომ წარმატება გვერდს არ აუქცევს:
- ცხადია, სადაც ფერმაა, იქ დაავადებების და პარაზიტების პრობლემაც ჩნდება. ფრინველებს მოვლა ჭირდებათ. რძალი და ოჯახის წევრები მეხმარებიან, თორემ მე ამდენს ვერასოდეს შევძლებდი. ჯერ საკმარისი რაოდენობის მწყერი არ გვყავს, მაგრამ გასაღების წერტილები გვინდა უკვე ახლავე მოვნიშნოთ და დავეკონტაქტოთ. ძალიან ვცდილობთ რაოდენობაზე გავიდეთ. თავდაპირველად ნაყიდ კვერცხზე ვმუშაობდით და როდესაც ინკუბატორში ჩავაწყვეთ, რვაასიდან მხოლოდ სამას ორმოცდაათმა ივარგა. სამაგიეროდ, როდესაც სახლში დადებულ კვერცხზე გადავედით, ვარგისიანობა 80%-ზე ავიდა. ახლა მხოლოდ სახლის კვერცხზე ვმუშაობთ. თქვენ თავადაც დაინახეთ რამდენი მწყერი გვყავს.
თავიდან ინდაურების და ქათმების მოშენებას ვაპირებდი, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა ამას ვერ აიტანდა. მერე მწყერის მოშენება მირჩიეს და ჭკუაში დამიჯდა. ხანდაზმულთა ასოციაციამ გრანტის ფარგლებში გალია და ინკუბატორი გადმომცა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ალბათ ღმერთი დაინახავს რამდენ სიკეთეს აკეთებს ეს ორგანიზაცია - ყველას ეხმარებიან და ხელს უწყობენ.
                                                        ავტორი: მედეა გოგსაძე 
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.
უკან