10 მარტს, ასოციაცია „ღირსეული სიბერე’’ -ს ოფისში გაიმართა „მრგვალი მაგიდის’’ სხდომა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახლადშექმნილ ა[ა]იპ „ქობულეთის სანიტარული დასუფთავების’’ სამსახურში წინამორბედი სტრუქტურის შ.პ.ს. ,,ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის’’ ქობულეთის განყოფილებიდან შემორჩენილ პრობლემურ საკითხებს მიეძღვნა. „მრგვალი მაგიდა’’ სამსახურის 20-მდე თანამშრომლის განცხადების საფუძველზე შეიკრიბა, რომლებიც ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელობას დარჩენილი აუნაზღაურებელი დავალიანებების გადახდას სთხოვდა. სხდომაზე მოწვეული იყვნენ ა[ა]იპ „ქობულეთის სანიტარული დასუფთავების’’ იურისტი ლაშა რომანაძე და საკითხით დაინტერესებული ბენეფიცირები. მრგვალ მაგიდას უძღვებოდნენ ასოციაციის იურისტები მარიანა ჟღენტი და დავით საფარიძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ასოციაციის ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნუგზარ ჟორდანია. შეხვედრაზე აღნიშნულ პრობლემურ საკითხზე საფუძვლიანი მსჯელობა გაიმართა, განიხილეს მათი გამომწვევი მიზეზები და სამართლებრივი საფუძვლები. დაისახა კონკრეტული გზები და მიმართულებები, რომლებზეც გაგრძელდება მუშაობა. აღინიშნა, რომ ძირითადად გაუგებრობები არასათანადო საინფორმაციო უზრუნველყოფამ გამოიწვია.