21 აგვისტოს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში, პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ (დონორი ევროკავშირი) ფარგლებში მორიგი მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის ძირითადი თემა ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციართათვის სოციალური შემწეობის გაუქმება გახლდათ.
სხდომას აღნიშნული პრობლემის მქონე ათი ბენეფიციარი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ხათუნა მამასახლისი, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური აგენტი ლელა ნემსაძე, იურისტი ლაშა მამულაძე და ცენტრის თანამშრომლები - პროექტის იურისტი მარიანა ჟღენტი, ჟურნალისტი ჯემალ მეგრელიძე და პროექტის დირექტორი ნანა კალანდეძე ესწრებოდნენ.
მრგვალი მაგიდის მსვლელობისას შეკრებილებმა დეტალურად განიხილეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამოღებული თითოეული ბენეფიციარის საკითხი და გაუწიეს კონსულტაციები ბაზაში ხელმეორედ მოხვედრისათვის დოკუმენტაციის მომზადების მიზნით.