,,არა უბრალოდ ნარგიზი” ...
ცნობილი სერიალის გახსენებაზე, უბრალოდ ნარგიზი-მეთქი, მინდოდა დამეწერა. მაგრამ რაღა უბრალო - ნარგიზ დოლიძე ცხოვრებას წესებს თავად კარნახობს. ქალბატონ ნარგიზს კი არ ეშინია ასაკის, ასაკს აქეთ ეშინია ქალბატონი ნარგიზის. ბოლოს და ბოლოს, რა არის 63 წელი? გამოცდილების უსაზღვრო წყარო და შესაძლებლობა უფრო მშვენიერი და შთამბეჭდავი გახდე (თუკი საკუთარი თავის ფასი იცი, რა თქმა უნდა!). მისი დილა თავის მოწესრიგებით იწყება. უმაკიაჟოდ არავის უნახავს - ასე იცნობს ქობულეთი. ამაყად შემართული და უნაკლოდ მოწესრიგებული განსაცდელს თვალს მტკიცედ უსწორებს. სირთულეები კი არ დაკლებია. განსაკუთრებით, როდესაც კარზე სიკვდილმა მოუკაკუნა და არაადამიანური შეუპოვრობით გამოგლიჯა მეუღლე და ვაჟიშვილი მის კლანჭებს:
- სპეციალობით მკერავი დიზაინერი ვარ. ეს არის ჩემი ბუნებრივი ნიჭი - ბავშვობიდან კარგად ვხატავდი. ვინც კი ჩვენთან ელიტური ქალბატონი იყო, ყველას მე ვუკერავდი. ხანდახან ჩემს შეკერილ კაბებს ფირნიშებს აკერებდნენ და იმპორტულებად ასაღებდნენ. საქორწინო კაბების გაქირავებაც მაშინ დავიწყე, როდესაც ასეთი რამ ჩვენთან არც არსებობდა. ეს ოთახი კაბებით და მანეკენებით სავსე მქონდა. ერთ ღამეში ხუთი პატარძალი მომირთავს თავისი ვარცხნილობით და მაკიაჟით. უამრავი სამადლობელი წერილი მაქვს შენახული.
ცხოვრების ერთი ეტაპი გავიარე. სიბერის არ მეშინია - გულიც და შემართებაც ახალგაზრდული მაქვს. რაც ასოციაცია „ღირსეულ სიბერეში“ გავწევრიანდი, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მონაწილეობას ვიღებ ღონისძიებებში და ტრენინგებში; მაგალითად, წელს კონკურსის „ჩემი მშვენიერი ბებო“ პრიზიორი გავხდი; უფრო ადრე კი თმის სტილისტის კურსები დავამთავრე. აგრეთვე მაქვს სერტიფიკატი „მცირე ბიზნესის მართვის თემაზე ტრენინგში მონაწილეობისთვის“ ( ეს ტრენინგი პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის“ ფარგლებში ჩატარდა). ახლა ვაპირებ ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსები გავხსნა. ქობულეთში ასეთი ამჟამად არ არსებობს. უამრავი გეგმა და ჩანაფიქრი მაქვს. ქალს უნდა ჰქონდეს, სულ ცოტა, შვიდი პროფესია მაინც. ცხოვრება რომ სულ ია-ვარდით იყოს მოფენილი, წამში შეიძლება ყველაფერი ისე შეიცვალოს, რომ აზრზეც კი ვერ მოხვიდე. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
ავტორი: მედეა გოგსაძე
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.