- 61 წლის ვარ და ისეთი ენერგია მაქვს, ნახევარი საათიც არ შემიძლია დამჯდარი გაჩერება. არ ვტრაბახობ, მაგრამ დილიდან საღამომდე იმდენ საქმეს ვაკეთებ, რომ.. - იცინის ნიგარ ხუჯაძე.
ტრაბახი არაფერ შუაშია, რაც არის, იმას ამბობს; ტიპური მშვილდოსანია - შუშპარა და მჩქეფარე. წითელ ყვავილებიანი კოპწია კოფთა საოცრად შვენის. იოსებ გრიშაშვილს რომ ენახა, ყველასათვის ცნობილ ლექსს, ალბათ, სწორედ მას მიუძღვნიდა:
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ზღვისფერთვალება, თმებზე ღამე გიცინის, პირზე - დღის ბრწყინვალება. რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე! როცა მოვკვდე, გენაცვა, ძეგლად გადამეფარე.
ქალბატონი ნიგარი ფრჩხილების დიზაინის სპეციალისტია. ეტყობა კიდეც კოხტად მოვლილი ხელებზე, რომლებიც მისი საუკეთესო თვითრეკლამაა. ორიოდე წლის წინ ხანდაზმულთა ასოციაციამ ასოციაცია „ინტელექტთან“ ერთად თმის სტილისტის სამთვიანი სწავლება დაუფინანსა. ჰოდა, წამოსკუპებულა სავარძელში ძველებური გერმანული თოჯინასავით და თავს კოხტად შეკრეჭილი თმით იწონებს:
- წარმოიდგინეთ, 20-22 წლის ბავშვებთან ვიჯექით ორი ქალბატონი. ლექციები ყოველ დღე ექვსი საათს გვიტარდებოდა. სერტიფიკატიც ავიღე და ვმუშაობ როგორც ოჯახებში, ისე საკუთარ ბინაზე. ეს იყო ჩემთვის ცხოვრების ახლებურად გადახალისება. თმის სტილისტის კურსებმა ძალიან გაზარდა ჩემი შესაძლებლობები, რისთვისაც ხანდაზმულთა ასოციაციის ძალიან მადლობელი ვარ. კიდევ ევროკავშირის დაფინანსებით სამუშაო ხელსაწყოები გადმომცეს და, სამომავლოდ, იქნებ, პირველ სართულზე სალონიც გავმართო. ფრჩხილების დიზაინზე აგერ ოცდაათ წელზეა მეტია რაც ვმუშაობ. კლიენტურა საკმაოდ ბევრი მყავს. ყველა კმაყოფილია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთან არც მოვიდოდნენ. თმების დიზაინი კი არა, ჩაბრუნებული და მიკოზიანი ფრჩხილის ამოღებაც კი შემიძლია გაუჭრელად და უმტკივნეულოდ. ჩემს ცხოვრებაში უამრავ რამეზე მიმუშავია. თქვენ წარმოიდგინეთ, კომისარიატშიც კი - ახალწვეულებთან. ამას ვერ ვიზამ, ეს არ გამომივა, ჩემთვის საერთოდ არ არსებობს. მიყვარს სიახლეები. ჩვენს გვარში დიდხანს ცოცხლობენ, ასე რომ კიდევ ბევრ რამეს ავითვისებ.
ავტორი: მედეა გოგსაძე
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.