http://www.awa.org.ge


წიწიბურა, წვნიანი, კარტოფილის პიურე, მაკარონი და ზოგჯერ, ძალიან იშვითად, ხორციანი შეჭამანდი - ეს იმ მენიუს შემადგენლობაა, რომელიც „ვარდების ხელისუფლებამ“ სოციალურად დაუცველ ფენას სამიოდე წლის წინ, წინასაარჩევნოდ შესთავაზა. მაშინ მთავრობამ ამ ჟესტით ამომრჩევლის ერთი ნაწილის გული მოიგო. წინ ისევ საპარლამენტო არჩევნებია და შესაბამისად, ამომრჩევლის გული კვლავ ხელისუფლების მთავარი სამიზნეა.  მართალია, დღეს მარტოხელა მოხუცებს ხელისუფლების წარმომადგენლები თანამეინახეობას აღარ უწევენ, მაგრამ ეს მათთვის მწუხარების მიზეზი სულაც არაა. მთავარია, მთავრობამ არ გადაიფიქროს და უფასო სადილი სხვა, ახალი ინიციატივით არ ჩაანაცვლოს.
„ადრე ხშირად მოდიოდნენ მთავრობის კაცები და ჩვენთან ერთად ჭამდნენ და სვამდნენ. ნინო ბურჯანაძეც იყო რამდენჯერმე და ერთხელ - მიხეილ სააკაშვილიც. არ დავეძებ, ნუ მოვლენ. ოღონდ, ეს უფასო სასადილო არ გაგვიუქმონ. მგონი თქვეს, უფასო სადილი აღარ იქნებაო. ჩვენ ჩვენს პირობას ვასრულებთ და ხელისუფლების ერთგული ვართ. მათაც შეასრულონ სიტყვა და ლუკმა პირიდან არ გამოგვაცალონ“,  -  ამბობს 81 წლის ვალია გიორგაძე.
მისი ჩათვლით ქუთაისში 700-მდე მარტოხელა მოხუცია. ისინი თავის დროზე დღევანდელი ხელისუფლების ამომრჩევლები იყვნენ და ასეა დღესაც. მათ ხშირად ახსენებენ, რომ სწორედ ხელისუფლება ზრუნავს მათზე და ასე ერთად, მათთან ერთად „ებრძვის სიღარიბეს“.
„ხელი ხელს ბანს და ორივე პირს. მთავრობა ჩვენ გვეხმარება, ჩვენ მთავრობას ვუწყობთ ხელს“, -  ასეთია მოხუცების განწყობა. ამ განწყობას თავის დროზე კარგად აუღო ალღო ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ და უფასო სასადილოების გახსნით საკმაოდ კარგი პიარი გაიკეთა.
„როცა პოლიტიკოსები ასეთ რამეს აკეთებენ, აქ არის, რა თქმა უნდა, პიარის ელემენტი. პოლიტიკოსები ამ საქმეში გამორჩენას ხედავენ და მოელიან. თუკი ასეთი ადამიანების რაოდენობა დიდია, ვისაც დახმარება სჭირდება. ცხადია, პოლიტიკოსები მათ აღიქვამენ როგორც ამომრჩეველს“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე.
მოხუცებს კი, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას წარმოადგენენ, პოლიტიკა არ ადარდებთ. მათთვის მთავარია „იქ“ მისულებს ცხელი სადილი დახვდეთ.
„ყოველდღე დავდივარ. სადილი ხან ცხელია, ხან - არა. მაგრამ არა უშავს. მთავარია არ გშიოდეს“, - ამბობს ვალია გიორგაძე. მან ზუსტად იცის, რომ „ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება.“
„მარტოხელა მოხუცების გამოსაკვებად ქუთაისის ბიუჯეტში 280 ათასი ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს უფასო სადილი გაეროს სასურსათო პროგრამიდანაც ფინანსდებოდა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. სპონსორები არ აქტიურობენ. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ტენდერს, მაგრამ მასში ორგანიზაციების მონაწილეობა ნაკლებია.  ისინი პასიურობენ, რადგან დაინტერესება არ არის. მოგება დაბალია. ერთ ულუფაზე 1 ლარსა და 60 თეთრს ვუხდით“, - აცხადებს ქუთაისის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ მუკბანიანი.
აღნიშნული კომენტარიდან გამომდინარე, ნათელია, რამდენად ნოყიერი საკვებით იკვებებიან ჩვენი მოხუცები. რამდენად „ადარდებთ“ ისინი მზარეულებს, რომელთა ხელფასიც ე.წ. „უფასო სასადილოში“ მხოლოდ 80 ლარია.
„როცა პიროვნებები იძულებულნი არიან, გამოკვებონ ადამიანები და გამოყონ გარკვეული თანხები ამ მიმართულებით, აქ, ბუნებრივია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკვები პროდუქტის ხარისხის საკითხი. ადამიანი იძულებულია, მისი მომსახურება ან  გააძვიროს, ზოგადად ბაზარზე, რომ საბოლოოდ მოგება ნახოს, ან ხარისხი გააუარესოს. ასე რომ, მათ, ვინც უფასო სადილზე მიდის, ბუნებრივია, ნაკლები ხარისხის საკვები ხვდებათ. ისინი ყველა შემთხვევაში დაზარალებული აღმოჩნდებიან, მაგრამ არა იმ წუთში, არამედ, ცოტა ხნის მერე. ეს არის წრე, რომელშიც, სამწუხაროდ, ყველა ვექცევით, რადგან ფასების ზრდა ყველაზე იმოქმედებს“, - ამბობს პაატა შეშელიძე.
საკვები პროდუქტის უხარისხობაზე მოხუცებს დღეს პრეტენზიები ნაკლებად აქვთ (ან, შესაძლოა, ამაზე საუბარს შეგნებულად გაურბიან). რამდენიმე თვის წინ კი, ეს თემა ქუთაისში საკმაოდ აქტუალური იყო. „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარები მაშინ უხარისხო პურსა და კარტოფილზე ჩიოდნენ. უჩვეულოდ შავი პურის ფოტოები ადგილობრივი პრესის ფურცლებიდან ატყობინებდა საზოგადოებას, თუ როგორ „ზრუნავს“ ხელისუფლება საკუთარ ხალხზე.
ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა - ის, რაც უფასოა, შეიძლება იყოს ხარისხიანი? თან იმ ქვეყანაში, სადაც საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა? ალბათ, ნაკლებად. აქ, ყველას ერთი საკმაოდ ცნობილი გამოთქმა გაგვახსენდება - „უფასო მხოლოდ ყველია სათაგურში“.
30. 04.2008 Humanrights.ge
ქობულეთის რაიონში სოციალურად დაუცველი ფენისთვის  ერთი  უფასო სასადილო მუშაობს,  რომელიც პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება.  უფასო სასადილოს მომსახურეობით 230 ადამიანი სარგებლობს, მაგრამ მოთხოვნილება ბევრად უფრო მეტია.