http://www.awa.org.ge


საქართველოში თაღლითების ახალი ჯგუფი გამოჩნდა. დედაქალაქში მოდაში მარტოხელა მოხუცების ბინებზე ნადირობა შემოვიდა. ამას ნოტარიუსების აბსოლუტური უკონტროლობაც უწყობს ხელს (როგორც ჩანს, ნოტარიუსებმა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ნდობა ხელისუფლებისგან მას შემდეგ დაიმსახურეს, რაც ხელისუფლების სასარგებლოდ შუაღამისას ქონების გაჩუქების აქტების გაფორმება დაიწყეს).

"კვირის პალიტრამ" ეს ფაქტი ცხელ კვალზე შეიტყო. ეს ამბავი ერთი კვირის წინ მოხდა, საქმის ძიება მიმდინარეობს და პასუხისგებაში ჯერჯერობით მიცემული არავინ არის, ამიტომაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევთ და მოქმედი პირების გვარ-სახელებს არ დავასახელებთ.
ნაირა გიორგაძის შვილი დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს. მოხუცი საბურთალოზე, ოროთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დღეს ბინის დაქირავების მოტივით მას "კეთილისმყოფელი" მამაკაცი გამოეცხადა და დაჰპირდა, პენსიას 700 ლარს გაგიხდიო(!). როგორც ჩანს, თაღლითებს მარტოხელა მოხუცი წინასწარ ჰყავდა შეგულებული, მაგრამ მოხუცზე შვილის ახლო მეგობარი ზრუნავდა და თაღლითებს ეს მომენტი გამოეპარათ.
ქეთევანი: - მეგობრის დედას ყურადღებას ვაქცევდი და ხშირად მივდიოდი მასთან. ერთ დღესაც შინ არავინ დამხვდა. მეზობლებში მოვიკითხე და მითხრეს, ქალი 2 დღე-ღამეა არ გამოჩენილაო. ეს ამბავი  სასწრაფოდ პოლიციას შევატყობინე და კიდევ ერთხელ დავბრუნდი ჩემი მეგობრის დედის სახლში. მოხუცებული სადარბაზოში შეგვეჩეხა. როგორც მიამბო, ვიღაც კაცი ხშირად მიდიოდა მასთან და ხანდახან პროდუქტიც მიჰქონდა. უთქვამს, შემიძლია  პენსია 700 ლარი გაგიხადო, ამისთვის კი განცხადების დაწერა და დოკუმენტებზე ხელის მოწერაა საჭიროო. მოხუცი ამ საბაბით ნოტარიუსში მიიყვანეს და... ჩემი მეგობრის ბინა  თაღლითის საკუთრება გახდა. როგორც მოხუცი ამბობს, სანოტარო ბიუროში ხელი ცარიელ ფურცლებზე მოაწერინეს.
- ნოტარიუსი აღიარებს ამას?
- რა თქმა უნდა, არა. გვარწმუნებს, რამდენჯერმე გავუმეორე ქალს, რომ ხელს ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას აწერდაო (აბა, ნოტარიუსი ხომ არ იტყვის, თაღლითობის მონაწილე მეც ვიყავი და მოხუცს ხელი ცარიელ ფურცლებზე მოვაწერინეო? - ავტ). არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრის დედა ბინას არ გაყიდდა. მას შემდეგ, რაც ბინა თაღლითმა დაისაკუთრა, საკეტი შეუცვალა და მოხუცი სახლიდან გაიტყუა. ჩემი მეგობრის დედას შვილიშვილი პატიმარი ჰყავს. ეს კაცი დაჰპირდა, ციხეში წაგიყვან და გაჩვენებო... ციხის მაგივრად რომელიღაც ბინაში, სადაც, მოხუცის თქმით, გოგო-ბიჭები იყვნენ შეკრებილი, მიიყვანეს და უთხრეს, აქ უნდა იყო, რადგან ახლა სახლი აღარ გაქვს და სადღა წახვალო. როგორც მოხუცი იხსენებს, მას ხშირად ასმევდნენ ჩაის. ერთ დღეს, დილაადრიან, როცა ყველას ეძინა, გამოპარვა მოახერხა.
- სად ჰყავდათ, არ ახსოვს?
- 80 წლისაა და ორიენტირება უჭირს, ბინის მისამართს ვერ ასახელებს. რას უპირებდნენ, არავინ იცის.  პოლიციამ მის სახლში დააკავა მამაკაცი, რომელსაც ბინა უკვე გადაფორმებული აქვს თავის სახელზე.
ხათუნა პაიჭაძე