http://www.awa.org.ge


ჩვენს ქვეყანაში რომ სოციალური წონასწორობა ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულად არის დარღვეული, ხოლო საპენსიო უზრუნველყოფა ცინიზმამდეა დაყვანილი, ამაზე სერიოზული ადამიანები აღარ კამათობენ. აქ მხოლოდ იმაზე შეიძლება ვისაუბროთ, როგორ მოვაწყოთ საქმე ისეთნაირად, რომ დღენიადაგ მტკიცედ არ ვიდგეთ სამათხოვროდ ხელგაშვერილთა რიგებში მთელ მსოფლიოში. საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სოციალური დაცვა, ეკონომიკური უზრუნველყოფა და სამედიცინო მომსახურება საგანგაშოა და მათი გადაწყვეტა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოუწოდა ამ ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს: ,,დროულად შეიმუშაონ უფროსი ასაკის მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ეკონომიური უზრუნველყოფის სტრატეგია”. 

ნაციონალური ინტერესების შესაბამისად, ისე წარმართონ ქვეყნის განვითარების პოლიტიკა, რომ პიროვნება სიბერეში იყოს სოციალურად დაცული და ეკონომიურად უზრუნველყოფილი”. წუნს ვერ დასდებ, სურვილები მეტად შთამბეჭდავია და ამაღლებული. კიდევ უფრო შორს წავიდა ევროპის პენსიონერთა და ვეტერანთა კონფედერაციის მიერ  მიღებული პეტიცია, რომელიც მოუწოდებს მასში გაერთიანებულ პროფკავშირულ ორგანიზაციებს:
,,საჭიროა შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობა, რათა აღმოიფხვრას ქონებრივი უთანასწორობის საფუძვლები. უზრუნველყოფილი იქნას  აუცილებელი მინიმალური საპენსიო და სახელფასო ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა ყველასათვის და შესაბამისად საცოვრებელი პირობები.
მინიმალური საპენსიო განაკვეთის განსაზღვრა უნდა მოხდეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულმა პენსიამ შეძლოს სრულად დააკმაყოფილოს პენსიონერის მოთხოვნილებები სხვა სახის რაიმე შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი. ამ პუნქტის ახალ შეთანხმებაში ჩადებით ჩვენ შევძლებთ აქტიურად ვებრძოლოთ სიღარიბეს და შემოსავლების არათანაბარ განაწილებას. თითოეულ ადამიანს, როგორც დასაქმების პერიოდში, ასევე პენსიაზე გასვლის შემდეგაც, უნდა ჰქონდეს მაღალხარისხოვანი სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ყველა ქვეყნის მთავრობის მიერ უნდა მოხდეს დაუყოვნებელი რატიფიკაცია და შესრულება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №128 კონვენციის დადგენილებისა ,,ხნიერი ასაკისა და ცოცხლად დარჩენილთ შესახებ”.
პროპკავშირები მოითხოვენ, რომ ყველგან, სადაც ეს ჯერ კიდევ არ არსებობს, მოხდეს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული მიღება ისეთი კანონდებლობისა, რომელიც სრულიად გამორიცხავს ყველა სახის დისკრიმინაციას ასაკის მიხედვით, რათა საფუძველი ჩაეყაროს ისეთ საზოგადოებას, სადაც არავინ არ იგრძნობს თავს გარიყულად დაცული იქნება.
 ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ეს არის დეკლარაციის დონეზე, თუ, რაღა თქმა უნდა, შესაბამისი ქვეყნების მთავრობები ყურად არ იღებენ ამ შეგონებებს, სიტყვას საქმედ არ აქცევენ და ყველაფერს ამას არ დატოვებენ უდაბნოსა შიგან ღაღადებად. ჩვენს პირობებში მაინც რისი გაკეთება შეიძლება? ლაპარაკია ხანდაზმულ ადამიანთა მხოლოდ გადარჩენაზე.
1.    უპირველეს ყოვლისა, უნდა გადაწყდეს საკითხი იმის თაობაზე, რომ ყველა პენსიონერს, განურჩევლად დამსახურებისა, ნება დაერთოს, ხელფასთან ერთანდ სრულიად მიიღოს პენსია.
2.    თუკი 2-დან 5 პენსიონერამდე შეამხანაგდა და მოაწყო პატარა საწარმო, არ დაიბეგროს მათ მიერ გამოშვებული პროდუქცია.
3.    სოფლად მცხოვრებ პენსიონერებზე გაიცეს შეღავათიანი ან სულაც უპროცენტო მოკლევადიანი სესხი პირუტყვის შესაძენად ან კერძო მეურნეობის მოსაწყობად, რათა იმ ადამიანებს მაინც, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სოფლის მეურნეობასთან, შეეძლოთ ოჯახის რჩენა და არ იყვნენ მიჩერებულნი სახელმიფოს მიერ გაღებულ მოწყალებაზე.
4.    რაიონებში შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისიები, რომელშიც უნდა შევიდნენ: ჯანმრთელობის , სოციალური დაცვის , სახელმწიფო ფონდის ადგილობრივ განყოფილებათა გამგეები და პენსიონერთა და ვეტერანთა პროფკავშირის საქალაქო და რაიონული კომიტეტების თავმჯდომარეები, რომელთაც უხელმძღვანელებს ალბათ რაიონის გამგებელთა ერთ-ერთი მოადგილე , ისინი შეარჩევენ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ  გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ( ოპერაციას ან სერიოზულ სტაციონარულ მკურნალობას), იმ შემთხვევაში, თუ ეს ავადმყოფი სახელმწიფო ბანკის მეანაბრეა ან სახელმწიფოსაგან ეკუთვნის გაყინულ-გათოშილი პენსია, შუამდგომლობენ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე მისთვის კუთვნილი თანხის გაცემის შესახებ, ხოლო თუ ავადმყოფი უპოვარია და არაფერი არ აბადია, მაშინ  აყენებენ საკითხს ავადმყოფის უფასო მკურნალობის შესახებ.
არც ერთმა უწყებამ  თბილისში ზემოთაღნიშნულ კომისიაზე უკეთ არ იცის, ამა თუ იმ რეგიონში ვინ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ვინ არის უკიდურესად გაჭირვებული, ვიდრე რაიონში ეს იციან იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და კომისიის შემადგენლობაში დავასახელე.
5.    შეიძლება მთავრობამ იფიქროს იმაზეც, რომ პენსიონრებისთვის სასამართლო მომსახურეობაც უფასო გახადოს.
6.    შეიქმნას ურთიერთ  დამხმარე სალაროები, რომელიც შეუძლება  დააფინანსოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თუნდაც 500-500 ლარით, რადგან სოფელში ფული არ არის, ხელის მოსანაცვლებლად ამასაც აქვს აზრი.
7.    იქნებ პენსიონერებს მივცეთ უფლება უფასოდ ისარგებლონ სპორტული ნაგებობებითა და კულტურულ -საგამნმანათლებლო დაწესებულებებით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ისინი მათი ხელითაა აგებული თავის დროზე.
8.    არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო სარგებლობა აწყენდათ პენსიონერებს. ეს უფლება ხომ მოიპოვეს ახალგაზრდობის წლებში გაწეული უანგარო შრომით.
 სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს ხანდაზმული ადამიანებისათვის ღირსების შენარჩუნება და არა მოწყალების სახით გაღება იმისა, რაც მათ ისედაც ეკუთვნით.
მსოფლიო პროფკავშირული მოძრაობა მოითხოვს ხანდაზმული და პენსიაზე გასული ადამიანების უფლებების რეალურ აღიარებას და იმ პრინციპების პატივისცემას, რომელსაც იცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. იქნებ მისი შეგონება მაინც შეისმინოს ჩვენმა მთავრობამ?
ი.თოდუა       საქართველოს პენსიონერთა და ვეტერანთა პროფესიული კავშირი    

24 ივლისი 2009