http://www.awa.org.ge


მიუხედავად დიდი ამაგისა და დამსახურებისა ტატიანა სირაძეს არასოდეს ჰყვარების საკუთარ თავზე საუბარი. კიდევაც უმძიმს იმ საშინელ დღეთა გახსენება, რომელმაც 16 წლის მეოცნებე გოგონას, ხუთი წელი უმოწყალოდ წაართვა და სანიტრის ჩანთით , სანგარ-სანგარ, საველე ჰოსპიტლებსა და ბლინდაჟებში გაატარებინა. რამდენი სიცოცხლე გადაურჩენია, რამდენ სისხლისგან დაცლილ მებრძოლებისთვის მიუსწრია სულზე..
ტატიანა სირაძე ჩოხატაურის რაიონის ისტორიულ სოფელ გორა-ბერეჟოულში დაიბადა 1923 წლის 12 ნოემბერს. შვიდწლედი იქვე დაამთავრა და სწავლა ოზურგეთის სამედიცინო სასწავლებელში გააგრძელა. ფრიადოსანი იყო, რაც ექიმობაზე მეოცნებე ქალიშვილს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კარს უღებდა. თუმცა განგება სხვა ხვედრს უმზადებდა. ბოლო გამოცდიდან მესამე დღეს, ომი დაიწყო… მშობლების გახარებაც ვერ მოასწრო დიპლომით. დიპლომის ნაცვლად, სულაც გაწვევის უწყება ჩააბარეს და 1941 წლის 26 ივნისს ფრონტზე გაიწვიეს. მშობლებსა და ახლობლებს ბათუმში, სამედიცინო - სამხედრო ნაწილის ფორმირებების პუნქტში დაემშვიდობა და ასე დაიწყო მისი საბრძოლო ბიოგრაფია,სადაც ოთხი უმძიმესი წელი გაატარა. სამხედრო-სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტი ტატიანა სირაძე, სამედიცინო-სანიტარული ათასეულის უფროსი ექთანი იყო ომის ბოლომდე. იბრძოდა უკრაინის I და II ფრონტის, კავკასიის და ჩრდილოკავკასიის ფრონტებზე... სანგარ-სანგარ მოიარა მთელი კავკასია, უკრაინა და ჩეხოსლოვაკია. გამარჯვებამ მას აღმოსავლეთ პრუსიაში, კენისბერგთან მოუსწრო. მოქმედ არმიაში ოქტომბრამდე დატოვეს. საქართველოში საბრძოლო ჯილდოებით მკერდდამშვენებული დაბრუნდა. საკმაოდ გრძელია სია მისი საბრძოლო ჯილდოების ნუსხა: წითელი ვარსკვლავის ორდენი, სამამულო ომის I ხარისხის ორდენი, უამრავი მედალი, სტალინის პირადი 10 მადლობა.
ომის შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო-სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი და ექიმის დიპლომით გაანაწილეს ქობულეთში, სადაც ბავშვთა ძვალ-სასხსრის ტუბერკულიოზურ სანატორიუმში, პენსიაში გასვლამდე იმუშავა. 45 წელი მკურნალობდა ტატა ექიმი ძვალ -სახსარ დაავადებულ ბავშვებს და, ვინ იცის, რამდენი საწოლს მიჯაჭვული მოზარდი დააყენა ფეხზე. ბოლო ორი ათეული წელი მთავარი ექიმი გახლდათ. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. მიღებული აქვს ხალხთა მეგობრობის ორდენი. არის  ,,საპატიო ქობულეთელი”.
 87 წლის ვეტერანი ქალბატონი, დღესაც ენერგიულად ირჯება. არის შესანიშნავი კულინარი, უყვარს მუსიკა, კითხვა, ყვავილების მოვლა, აინტერესებს პოლიტიკა. არის მზრუნველი დედა და ბებია. 2009 წელს დააარსა ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე” და ოცნებობს, რომ ყველა ხანდაზმულ ქალს ჰქონდეს სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრება.
,,სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია” სიბრძნე სოლომონისა 4;9
 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>