http://www.awa.org.ge


საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით 134 ქვეყნიდან 84 ადგილზეა. ეს ინფორმაცია პროექტის - "გაეროს ინიციატივა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად საქართველოში" ხელმძღვანელთა მიერ გავრცელებულ რელიზშია მოცემული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გენდერული თანასწორობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით. თუმცა დიდი ძალისხმევაა საჭირო რეალური გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის, რაც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეზღუდულია ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განსაკუთრებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში: ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტსა (150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალი) და აღმასრულებელ ხელისუფლებაში (19 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალი). ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეულ ქალთა რაოდენობა მცირდება ყოველი არჩევნებისას და ამ ეტაპზე მხოლოდ 11%-ს შეადგენს;

"მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების 55%-ს ქალები შეადგენენ, ქალები მუშაობენ უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე და ნაკლებ შემოსავლიან ეკონომიურ სექტორებში; შესაბამისად, მათი საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი მამაკაცების ხელფასის მხოლოდ ნახევარია. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენდერული ძალადობა, რომლის მსხვერპლთა აბსოლუტურ უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. საქართველოში ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია თავისი მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან; 35.9% აღნიშნავს, რომ მეუღლის/პარტნიორის მხრიდან გამოუცდია ძალადობის სხვადასხვა ფორმები ქცევის კონტროლის მიზნით; ქალთა 78.3%-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს და მისი ოჯახის გარეთ გატანა დაუშვებელია; ქალთა 34.1% ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს", -ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ფენომენია ადრეული ქორწინებები, მოტაცება ქორწინების მიზნით, ე.წ. "ღირსების მკვლელობებიც" კი.

"შესამჩნევია სიღარიბის ფემინიზაცია. ქალები ქვეყნის ღარიბ მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ; დაბალია მამაკაცთა პასუხისმგებლობა და ჩართულობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში: აივ ინფიცირებულ ქალთა 90%-მეტი დაინფიცირებულია პარტნიორის მიერ; მაღალია სქესობრივი გზით გადამდები დაავედებების და მათი მიზეზით გამოწვეული უშვილობის მაჩვენებელი; სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობა ქალები და გოგონებია, ხოლო იძულებითი მუშაობისათვის - მამაკაცები და ვაჟები", - ნათქვამია პროექტის "გაეროს ინიციატივა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად საქართველოში" ხელმძღვანელთა განცხადებაში.