http://www.awa.org.ge


დაბერებასა და დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მოსმენა გაიმართა. ექსპერტები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ სწრაფად უნდა იმოქმედოს.
მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიული მზრუნველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, იოსებ დალაქიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ ადამიანების ღირსეულ სიბერესა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ერთდროულად უნდა იფიქროს.
იოსებ დალაქიშვილი: "მსოფლიოს მოსახლეობაში უფროსი ასაკის ხვედრითი წილი მკვეთრად მატულობს. შესაბამისად, სხვავასხვა ქვეყნები სხვადასხვა ღონისძიებებს ამუშავებენ. რაც შეეხება საქართველოს, მდგომარეობა უფრო რთულია. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემაში გერონტოლოგიის (შეისწავლის ასაკოვანი მოსახლეობის ყველა ასპექტს) კათედრა არ არსებობს, შესაბამისად, კადრების სერიოზული დეფიციტია.
"დემოგრაფიულ დაბერებას ისიც ემატება, რომ საქართველოში 2050 წელს მოსახლეობის რაოდენობა 2 მილიონით - 28%-ით შემცირდება. ამასთან, გაიზრდება უფროსი ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი, რომელიც 30%-ს შეადგენს. ამიტომ, აუცილებელია, შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც თოთოეული ადამინის არა მარტო ღირსეულ სიბერეს, არამედ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს."
რაც შეეხება სიბერის მაჩვენებელს, დალაქიშვილის თქმით, თუ სიბერის ასაკს 60 წლიდან ვიანგარიშებთ, საქართველოში მოსახლეობის 20% ბებერია. დაბერების პროცესი კი ყველაზე მკაფიოდ რაიონებში მიდის.
იოსებ დალაქიშვილი 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლების 28%-ით შემცირებას საგანგაშოს უწოდებს და ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებსაც სთავაზობს:
"მთლიანობაში, დაბერების პროცესი ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ სწრაფად მიდის. ამას ემატება ისიც, რომ ზოგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სადაც ნაკლებია შობადობა, ეს პრობლემა უფრო მკვეთრია. 2050 წლისთვის მოსახლეობის 28%-ით შემცირება ჩვენი ქვეყნისთვის საგანგაშო იქნება. აქედან გამომდინარე, როგორც შობადობასთან, ისე ხანდაზმულთა სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ".
ამ პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალისტები ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ.
პირველი: სამედიცინო განათლების სისტემაში სპეციალისტების - გერიატრების მომზადებას, ვინც ხანდაზმული ასაკის მოსახლეობას უმკურნალებს. დალაქიშვილის თქმით, "იმ საშუალებების გამოყენება, რითაც დღეს ხანდაზმულებს კურნავენ, ყოვლად დაუშვებელია. შეიძლება უკუშედეგი მივიღოთ, მდგომარეობა დამძიმდეს და ცუდი შედეგებიც დადგეს. სწორედ ამიტობაა, რომ ხანდაზმულ ასაკში გართულებები 7-ჯერ ხშირია, ვიდრე საშუალო ასაკში".
რეკომენდაციის მეორე პუნქტია ხანდაზმულებისთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამების შექმნა; შემდეგ მოდის ხანდაზმულთა დასაქმება; პალიატიური მზრუნველობა; სათანადო პენსიები და სხვა.
"პრობლემები ძალიან სერიოზულია. თუ ის არ დაიძლია, შეიძლება კატასტროფის წინაშე დადგეს როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ისე სოციალური სისტემა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დაბერებისკენ სწრაფი ტემპით მივდივართ", - აცხადებს დალაქიშვილი.
სტატისტიკით, 2010 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობაში ხანდაზმულთა ხვედრითი წილი სავარაუდოდ 4,6% იქნება; 2050 წლისთვის კი - 8,7%. განვითარებად ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 2010 წლისთვის 3,7% იქნება, 2050 წლისთვის კი - 8,3%.
საქართველოში კი შემდეგ სურათს ელიან: 2010 წელს - 8,3%, ანუ 350 000 ხანდაზმული, 2050 წელს კი - 12,3% ანუ, 403 000 ხანდაზმული.
ხანდაზმულების გარდაცვალების მიზეზებში პირველ ადგილზე სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია.