http://www.awa.org.ge

2013 წლის 12 ნოემბერს ცხრა ათეული წელი მიითვალა, დღეგრძელ ქალბატონს უკან მოსახედიც საინტერესო აქვს და გასახსენებელიც უამრავი... ამაყად გავლილი გზა ახლა საკუთარი, ლამაზი ოჯახის მყუდრო ჭერქვეშ და ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციართა კეთილდღეობაზე ფიქრში გრძელდება... ტატიანა სირაძეს, სახელოვან მედიკოსს, საქართველოს დამსახურებულ ექიმსა და საპატიო ქობულეთელს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება, მას კარგად იცნობენ, როგორც აქტიურ ქალბატონს, დიდი სამამულო ომის ვეტერანსა და წლების მანძილზე ქობულეთის ბავშვთა ტუბსანატორიუმ „თოლიას“ მთავარ ექიმს, ეს ის ქალბატონია, ვისაც ქალაქის ქუჩებში თავდახრით ესალმებიან და ნაცნობ-უცნობები სიყვარულით ეგებებიან... ჩოხატაურის რაიონის ისტორიულ სოფელ გორა-ბერეჟოულში დაბადებული გოგონა ბედმა სამუდამოდ ქობულეთში დაამკვიდრა, ომგამოვლილი ექიმი, რომელმაც სანგარ-სანგარ მოიარა მთელი კავკასია, უკრაინა და ჩეხოსლოვაკია (გამარჯვებამ მას აღმოსავლეთ პრუსიაში, კენისბერგთან მოუსწრო. მოქმედ არმიაში ოქტომბრამდე დატოვეს), საქართველოში საბრძოლო ჯილდოებით მკერდდამშვენებული დაბრუნდა. საკმაოდ გრძელია მისი საბრძოლო ჯილდოების ნუსხა: წითელი ვარსკვლავის ორდენი, სამამულო ომის I ხარისხის ორდენი, უამრავი მედალი, სტალინის პირადი 10 მადლობა. ვეტერანი ქალბატონი, დღესაც ენერგიულად ირჯება. არის შესანიშნავი კულინარი, უყვარს მუსიკა, კითხვა, ყვავილების მოვლა, აინტერესებს პოლიტიკა. არის მზრუნველი დედა და ბებია. 2009 წელს დააარსა ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე” და ოცნებობს, რომ ყველა ხანდაზმულ ქალს ჰქონდეს სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრება.

უკან