http://www.awa.org.ge

ქალებზე ძალადობა ჩვენი, მთელი საზოგადოების პრობლემა და დანაშაულია. დღეს ჩვენს გარშემო, ნაცნობებში, მეგობრებში ქალებზე ძალადობენ, ყოველდღე. ძალადობენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად. მოძალადეს არ აქვს ერთი პროფილი - მაღალი ან დაბალი, მდიდარი ან ღარიბი, განათლებული ან გაუნათლებელი- მოძალადეები არსებობენ ყველა სოციალურ ფენაში. ძალადობისგან დაცული არავინაა.
2014 წელს, 10 თვის მანძილზე სულ მცირე 24 ქალი მოკლეს. ამ რიცხვს ბევრად აღემატება ის შემთხვევები, რომლებიც ფატალური შედეგით არ დასრულებულა. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
2013 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 5 447 გამოძახება დაფიქსირდა. ეს რიცხვი არ გამოხატავს ქალზე ძალადობის შემთხვევების ზუსტ რაოდენობას, ვინაიდან შემთხვევების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, სახელმწიფოსათვის შეტყობინების გარეშე რჩება. გამოძახებების მაღალი რიცხვის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების შემთხვევები დაბალია. მაგალითად, იმავე 2013 წელს მხოლოდ 212 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, პატრიარქალური კულტურის ნორმებისა და ტრადიციების გათვალისწინებით, ქალზე ძალადობას „ოჯახის საქმედ“ თვლის, ან ამართლებს. ამ პირობებში და ქალზე ძალადობის მასშტაბების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობასა და მთლიანად საზოგადოებას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია.
სწორედ ამიტომ, ვიკრიბებით 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და სოლიდარობას ვუცხადებთ ქალებს: 
თქვენ მარტო არ ხართ! 
ჩვენ მარტო არ ვართ! 
ჩვენ ბევრნი ვართ!
ჩვენ, ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე, შეგვიძლია შევცვალოთ არსებული მდგომარეობა. ნუ დავხუჭავთ თვალს ქალის მიმართ ძალადობაზე.
გავერთიანდეთ 25 ნოემბერს და ერთად ვთქვათ: ქალზე ძალადობა დანაშაულია- შეაჩერე!
25 ნოემბერს ჩვენ ვერთიანდებით იმისათვის, რომ ვუთხრათ მთავრობას და პარლამენტს - ქალზე ძალადობის აღმოფხვრა საზოგადოების დაკვეთაა, შესაბამისად, ეს მათი პრიორიტეტი უნდა გახდეს! 
ერთად მოვთხოვოთ სახელმწიფოს ქალებზე ძალადობის პრევენცია და ეფექტური, დროული და ადექვატური რეაგირება დანაშაულის შემთხვევებზე.
შემოგვიერთდი 25 ნოემბერს!
იგრძენი პასუხისმგებლობა!
შეაჩერე ქალზე ძალადობა!
ჩვენ მარტო არ ვართ!
ჩვენ ბევრნი ვართ!

 

აქცია გაიმართება:
თბილისი: პარლამენტთან 
ზუგდიდი: კინოთეატრი ატრიუმი
ქუთაისი: მესხიშვილის თეატრი
ოზურგეთი: ოზურგეთის თეატრი
ბათუმი: ერას მოედანი
თელავი: თელავის თეატრი
ახალციხე: ცენტრალური სკვერი
ნინოწმინდა: კულტურის ცენტრი
ახალქალაქი: ცენტრალური პარკი
მარნეული: კულტურის სახლი
გარდაბანი: ბაზრის ცენტრალური მოედანი
დმანისი: მთავარი სკვერი
წყალტუბო: კულტურის სახლი
გორი: თეატრის ეზო
ბოლნისი: კულტურის სახლი
გურჯაანი: პაპას ბაღი
რუსთავი: მერიის წინ
ქობულეთი: გამგეობის წინ, სკვერში

უკან