http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში (ქობულეთის, რუსთაველის 36) განაახლა მუშაობა ხანდაზმულთა იურიდიული დახმარების ცენტრმა, რომელიც ხანდაზმულ ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კოსულტაციებს და პრობლემების ადვოკატირებას. მოქმედებს ცხელი ხაზი (0426 26 77 17), სადაც თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება ძალადობის ფაქტის შესახებ და მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია ტელეფონით. ცენტრთან შექმნილია მობილური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ვიზიტებს ხანდაზმულებთან, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ ოფისში მოსვლა, უწევენ მათ იურიდიულ დახმარებას და ადვოკატირებას. ჯგუფი ასევე ახორციელებს მონიტორინგს იმ ხანდაზმულთა ოჯახებში, რომლებიც ე.წ. რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რომელთა ოჯახშიც ცხოვრობენ ალკოჰოლის, ან ნარკოტიკებს დამოკიდებული პირები, ასევე იმ ოჯახებში, სადაც ადრე გამოვლინდა რაიმე ძალადობის შემთხვევა; ძალადობის გამოვლენას ართულებს ის, რომ მოხუცები როგორც წესი არ აღიარებენ, რომ ძალადობის მსხვერპლი არიან და პრობლემის გასაჯაროებას ერიდებიან. ამჯერად მობილური ჯგუფი ეწვია მარტოხელა ხანდაზმულს, რომელსაც გადაადგილება უჭირს და საჭიროებდა იურიდიულ კონსულტაციას. ის ტელეფონით დაუკავშირდა ცენტრს. მასთან ადგილზე მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ ხანდაზმული არის ოჯახის წევრის მხრიდან მოტყუების მსხვარპლი და დაირღვა მისი როგორც ქონების მესაკუთრის უფლება. მეორე შემთხვევაში, სადაც გასვლა მობილურმა ჯგუფმა განახორციელა, შვილმა დაითანხმა დედა უძრავი ქონების გაყიდვაზე, რის შემდეგაც ის გადაიყვანა თავისთან საცხოვრებლად. გარკვეული დროის შემდეგ მათ შორის უთანხმოება წამოიშვა, რამაც ძალადობის რისკის ქვეშ დააყენა ხანდაზმული, მას სხვაგან წასასვლელი არ ააქვს, რის გამოც ის იძულებულია აიტანოს მუდმივი ფსიქოლოგიური (შესაძლოა ფიზიკურიც) შეურაცხყოფა. ორივე შემთვევაში იურისტები ხანდაზმულთა ინტერესები დაცვას განახორციელებენ და ისინი ადვოკატირების ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. აქტივობები მიმდინარეობს პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში (პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი).

უკან